საქართველო-გერმანია

გერმანია საქართველოს 57 მილიონ ევროს გამოუყოფს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ნიკა გილაურისა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ეკონომიკის მინისტრის დირკ ნიბელის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს 57 მილიონ ევროს გამოუყოფს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, აღნიშნული თანხის ნაწილი გრანტის, ხოლო ნაწილი შეღავათიანი სესხის სახით გამოიყოფა. მისი თქმით, 57 მილიონი ევროდან 7 მილიონი ბათუმის სანიაღვრე სისტემის დასრულებას მოხმარდება, 5 მილიონი ევრო – დაცულ ტერიტორიებს, 25 მილიონი ევრო – განახლებადი ენერგიისთვის გამოიყოფა, ხოლო 20 მილიონი ევრო მყარი ნარჩენების გადამუშავებას მოხმარდება.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გერმანიას საქართველოსთვის 1993 წლიდან ჯამში 400 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, რომელიც სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას მოხმარდა.

პრესკონფერენციაზე გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა დირკ ნიბელმა აღნიშნა, გერმანიისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად განახლებადი ენერგიისა და ენერგეტიკული სფერო რჩება. მისი შეფასებით, საქართველომ მთელ რიგ სფეროებში წარმატებას მიაღწია, რადგან ის რეფორმებზე არის ორიენტირებული.

ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დირკ ნიბელი ბათუმს 2 ივნისს ეწვევა და მიმდინარე პროექტებს გაეცნობა.

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში გერ­მა­ნიის მთავრობამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის 52 000 ევ­რო გა­მო­ყო.

კომენტარები