საქართველო–ევროკავშირი

მიხეილ სააკაშვილი: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღეში გამოცხადდება

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს დავასრულებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას, რამდენიმე დღეში კი გამოვაცხადებთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას.” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინშთან შეხვედრის შემდეგ რიგის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ქართველები ყველა ევროპულ ქვეყანაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ. ეს არის ჩვენი ძლიერი რეადმისიის პოლიტიკის და დანაშაულთან ბრძოლის შედეგი. ამიტომ, ჩვენ გვინდა თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ ევროინტეგრაციის მხრივ."– აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აგრეთვე, ისაუბრა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ალიანსის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმადაც, მომდევნო სამიტზე შესაძლოა, გაფართოება მოხდეს.

"ზოგიერთი ჩვენი მეზობელი 2008 წლის შემდეგ ამბობდა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არავითარი შანსი არ ჰქონდა. ახლა კი, ვფიქრობ, ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებული განცხადებით, მათ იმედი გაუცრუვდათ, საქართველოსთვის კი ეს მომავალის პოზიტიურად შეცვლას ნიშნავს. როგორც აღვნიშნე, 2008 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, კონფლიქტი ნატო-ს დახმარებით განიმუხტა. რუსეთის მიზანი, საქართველოს განადგურება იყო.“ – განაცხადა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

მიხეილ სააკაშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში, იგი ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის პირისპირ შეხვდა. ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და საერთო ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისი გამოცდილების გაზიარება ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ანდრის ბერზინშმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას სრული თანადგომა გამოუცხადა.

 

კომენტარები