ევროზონა

ევროზონის კრიზისი

საფრანგეთში ფრანსუა ოლანდის გამარჯვება და საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებზე ეკონომიკური რეფორმების მომხრე პარტიების ჩავარდნა ევროპაში მკაცრი ფისკალური ღონისძიებების დასასრულის დასაწყისად შეფასდა. თუმცა პოლიტიკური რიტორიკის მიღმა, ევროპაში მტკივნეული ეკონომიკური რეფორმები ძნელად შესამჩნევია.

ევროპის ქვეყნების კრიზისამდე მისვლის ერთ-ერთი მიზეზი გადაჭარბებული სამთავრობო ხარჯვა იყო, რის შემდეგაც მათ მსხვილი საჯარო ვალი დაუგროვდათ. ევროპას მარგარეტ თეტჩერის სიტყვები აუხდა. რკინის ლედის განცხადებით, სოციალიზმის პრობლემა ის იყო, რომ ის სხვის ფულს გამოლევამდე ხარჯავდა. თუმცა ევროპელები უფრო შორს წავიდნენ. კრიზისის მიუხედავად, მათ ხარჯვაზე უარი არ უთქვამთ, მდგომარეობიდან გამოსვლას კი გადასახადების გაზრდით ცდილობენ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრის 50 პროცენტი გადასახადების გაზრდაზე მოდიოდა. გაზრდილ გადასახადებზე კიდევ უფრო მეტად არიან დამოკიდებული საბერძნეთი და პორტუგალია. ევროკავშირის მონაცემებით, 2010-2011 წლებში წევრ ქვეყნებში გადასახადების გაზრდისა და სამთავრობო ხარჯვის შემცირების შეფარდება 9/1 იყო.

თუმცა ანალიტიკური ცენტრის, American Enterprise Institute-ის მიხედვით, OECD-ის წევრების 1970-2007 წლების ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ მთავრობის მიერ ხარჯვის შემცირება ფისკალური დაბალანსებისთვის უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე გადასახადების აწევა. მეტიც, დეფიციტის შემცირების 85% სწორედ ხარჯვის შეზღუდვაზე უნდა მოდიოდეს. OECD-ის ერთ-ერთ რაპორტში კი ხაზგასმულია, რომ ფისკალური დაბალანსების საერთაშორისო გამოცდილება ხარჯვის შემცირების უპირატესობაზე (გადასახადების გაზრდასთან შედარებით) მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, ოლანდის გაპრეზიდენტებით ევროკავშირის ხარჯვისა და გადასახადების ზრდის პოლიტიკა, სავარაუდოდ, არათუ შეიცვლება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება. საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ევროპის ფისკალური აქტის გადახედვა იყო. შეთანხმებას ევროკავშირის 27 წევრიდან, ბრიტანეთისა და ჩეხეთის გარდა, ყველა შეუერთდა და ის ხელმომწერ ქვეყნებში ფისკალური დაბალანსებისკენ მიმართულ რეფორმებს ითვალისწინებს. მისი მიხედვით, წლიური საბიუჯეტო გადახარჯვა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ოლანდს სურს ხელშეკრულებაში მინიმალური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების პუნქტი ჩაიდოს.

ოლანდისა და მემარცხენეთა მიერ აქცენტირებული ეკონომიკური ზრდა კეინსიანურ მიდგომას – სახელმწიფო ხარჯვის გაზრდით ეკონომიკის სტიმულირებას – გულისხმობს. მაგალითად, ოლანდის გეგმები ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოიცავს. ასეთი მიდგომა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ნაცვლად კრიზისს დაამძიმებს, გარკვეული ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, მის ეფექტს გაზრდილი ინფლაცია და კიდევ უფრო მომატებული დეფიციტი გადაფარავს.

ევროპის მემარჯვენე პოლიტიკური ძალები საჯარო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა პრობლემის გადაჭრა სახელმწიფო ხარჯვის გაყინვითა და გადასახადების გაზრდით სურთ. საფრანგეთში ნიკოლა სარკოზიმ და ბრიტანეთში დევიდ კამერონმა გადასახადები ასწიეს, ასევე მოიქცა იტალიაში მარიო მონტი, იმავეს აპირებს ესპანეთში მარიანო რახოი. გადასახადები გაიზარდა ჰოლანდიაშიც, გერმანიაში კი ანგელა მერკელმა საკუთარი გადასახადების დაწევის პროგრამა ვერ შეასრულა. წლების მანძილზე ევროპელი მემარჯვენეები ბრიუსელიდან თავსმოხვეულ ეკონომიკურ პოლიტიკასაც აკრიტიკებდნენ. თუმცა სუვერენულობაზე საუბარს, მერკელისა და სარკოზის მიერ მთელი ევროპისთვის გამოწერილმა ეკონომიკურმა რეცეპტებმა გამოაცალეს საფუძველი.

საბოლოოდ აღმოჩნდა, სარკოზიმ პრეზიდენტის პოსტი ოლანდს დაუთმო, მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გერმანიის რეგიონულ არჩევნებში მიყოლებით თმობს პოზიციებს, ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორებს ლეიბორისტებმა აჯობეს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევროპა კრიზისამდე მიიყვანა, ამომრჩეველი მაინც მათ უბრუნდება.

ევროპელი მემარჯვენე პარტიების კრიზისის მიზეზი ის არის, რომ მათ რეიგანის ან თეტჩერის მსგავსი ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ოპტიმისტური პროგრამა არ აქვთ. შესაბამისად, ამომრჩევლისგან მკაფიო, ერთპიროვნულ მანდატს ვერ იღებენ. კრიზისიდან გამოსვლისა და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ, ჭეშმარიტად კონსერვატიულ რეფორმებს – სამთავრობო ხარჯვის შეზღუდვას, გადასახადების შემცირებასა და ეკონომიკის დერეგულაციას – ევროპაში გამონაკლისის სახით (შვედეთი) თუ შეხვდებით.

ოლანდის ევროპის ფისკალური აქტის ჩასწორების სურვილს მერკელი ეწინააღმდეგება. მან კატეგორიულად გამორიცხა აქტის გადახედვა. ერთი მხრივ, გერმანელებს აღარ სურთ სხვა ქვეყნების სამთავრობო ხარჯვის დაფინანსება. მეორე მხრივ, მერკელს 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნები ელის და, სავარაუდოდ, გერმანელი ამომრჩეველი კომპრომისს არ მოუწონებს.

ევროკავშირის ლიდერებმა ოლანდს, შესაძლოა, სხვა ღონისძიებები შესთავაზონ: ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების ახალი მექანიზმის შემუშავება, ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდა ან წევრი ქვეყნებისთვის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მოთხოვნების შერბილება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის გათვლებით, საფრანგეთი 2013 წლისთვის ვერ შეძლებს დეფიციტის ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნიშნულამდე, მშპ-ის 3 პროცენტამდე ჩამოყვანას.

ანალიტიკოსები, მათ შორის გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი, აღნიშნავენ, რომ ოლანდმა ფრანგებსა და ევროპელებს კრიზისიდან მტკივნეული რეფორმების გარეშე გამოსვლის ფუჭი იმედი მისცა. ოლანდი ფრანგებს დაჰპირდა, რომ მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე ფრანგებს გადასახადებს 41-დან 75 პროცენტამდე გაუზრდიდა. თუმცა ეს ცვლილება ოლანდის ბიუჯეტს მხოლოდ 300 მილიონი ევროთი თუ შეავსებს, რაც მისი ხარჯვითი გეგმებისთვის საკმარისი არ იქნება. ამას გარდა, ოლანდმა თავის მოწინააღმდეგედ ფინანსური სამყარო გამოაცხადა და ევროზონის კრიზისი ეკონომიკის ლიბერალიზაციას, დერეგულაციასა და პრივატიზაციას დააბრალა. თუმცა მისი ოპონენტები, საფრანგეთის მიერ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დაკარგვას სწორედ ამ რეფორმების არარსებობას აბრალებენ.

ევროზონის მდგომარეობა საბერძნეთის არჩევნებმა ვერ გააუმჯობესა. გამარჯვება ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა. ხმები ისე გადანაწილდა, რომ პოლიტიკური ძალები კოალიციას ვერ ქმნიან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. სავარაუდოდ, საჭირო გახდება ივნისში განმეორებითი არჩევნების გამართვა, რომელშიც, გამოკითხვების მიხედვით, რადიკალი მემარცხენე პარტია სირიზა გაიმარჯვებს. მისი ლიდერი ალექსის ციპრასი ევროკავშირის მოთხოვნებსა და შეთავაზებულ რეფორმებს არ ეთანხმება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპულმა ბანკებმა უკვე დაიწყეს მომზადება საბერძნეთის ევროზონიდან გასვლისა და საბერძნეთში ფულადი ერთეულის, დრაქმის დაბრუნებისთვის. მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ევროკავშირის უპირველესი მიზანი იქნება, იგივე ბედი იტალიასა და ესპანეთს ააცილოს თავიდან. თუმცა ეკონომიკური მიმომხილველები ეჭვობენ, ეყოფა თუ არა ევროკავშირს ამისთვის ფინანსური მექანიზმები.

კომენტარები