ევროზონა

ევროზონის ცენტრალური ბანკები ევროპის ფინანსთა სამინისტროს შექმნას ითხოვენ

huffingtonpost.co.uk

საფრანგეთისა და გერმანიის ცენტრალური ბანკების განცხადებით, ევროზონას ეკონომიკური ბალანსის აღსადგენად ესაჭიროება სტრუქტურული რეფორმები და უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, რაც ევროზონის საერთო ფინანსთა სამინისტროს შექმნასაც მოიაზრებს.

ფრანგი და გერმანელი ბანკირების საერთო განცხადებით, რომელიც Suddeutsche Zeitung-ში გამოქვეყნდა, ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) აღარ შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს გაერთიანების წევრ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას, ამიტომაც სტრუქტურული რეფორმებია საჭირო. 

"გაძლიერებული ინტეგრაცია ცალსახა გზაა იმისთვის, რომ აღდგეს ევრო ზონისადმი ნდობა. ამისათვის საჭიროა საერთო სტრატეგიები სახელმწიფო ფინანსებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც განაპირობებს ზრდას", - წერია ბანკირების განცხადებაში.

ევროპაში არსებობს ევროპის ცენტრალური ბანკი, მაგრამ არ არსებობს ევროპის ფინანსთა სამინისტრო. ამ უწყების შექმნის შემთხვევაში ევროკავშირი გაცილებით უფრო მეტად შეიძენს ერთიანი სახელმწიფოს სახეს, რაც ევროზონის ზოგიერთი წევრისთვის გარკვეულ რისკებს წარმოადგენს.

ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას აწარმოებენ, ისინი პასუხისმგებლები არიან ფულის მასაზე, ინფლაციაზე, საბაზო საპროცენტო განაკვეთებზე. ფინანსთა სამინისტროები კი პასუხისმგებლები არიან ფისკალურ პოლიტიკაზე, რაც გადასახადების აკრეფას და მის ხარჯვას მოიცავს. 

ევროზონის ფინანსთა სამინისტროს იდეა 2011 წელს გაჩნდა, როდესაც რისკი, რომ საბერძნეთის ვალის კრიზისს ევროპაში ახალი ფართომასშტაბიანი კრიზისი გამოეწვია, მაღალი იყო.

კომენტარები