ოკუპირებული ტერიტორიები

ნინო კალანდაძე სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა

”საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა, მათ შორის საქართველოს სუვერენტიტეტის პატივისცემა სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.” აღნიშნული განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.

მინისტრის მოადგილემ სერბეთის პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს სერბ ხალხთან მსგავსი ისტორიული წარსული აქვს.

”ჩვენ გვახსოვს, რომ 90-იან წლებში ორივე სახელმწიფომ დიდწილად ერთნაირი ტრაგიკული წარსული და გამოცდილება გავიარეთ. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ როგორც საქართველოს, ასევე სერბეთს არჩეული აქვს ევროპული გზა და მიისწრაფის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს საზღვრებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. შესაბამისად, სერბეთის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ორმხრივი კონსულტაციების შემდეგ ნათელი მოეფინება აღნიშნულ საკითხს და გაუგებრობა, რომელიც მასმედიით გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია სწრაფად აღმოიფხვრება.

”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში სერბეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი სერბეთის პარლამენტმა შესაძლოა მალე განიხილოს. მისი თქმით, კოსოვოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები განსხვავებული თემებია. შესაბამისად, კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, სოხუმი და ცხინვალი კი დამოუკიდებლობას იმსახურებენ.

 

 

 

კომენტარები