რელიგია

იმპერატორი და პაპი: ბრძოლის ადგილი – ამერიკა

ობამას ადმინისტრაციას კათოლიკე ეკლესია უჩივის. მთელი უმაღლესი იერარქია, ნიუ იორკისა და ვაშინგტონის კარდინალთა მეთაურობით – 40 კათოლიკურ ეპარქიასა და ორგანიზაციასთან ერთად, ფედერალურ სასამართლოებში ათზე მეტი სარჩელით შევიდა. „ჩვენ აღვძარით სარჩელი სახელმწიფოს მხრიდან ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ თავისუფლებაზე თავდასხმის შესაჩერებლად: არ ერეოდეს სახელმწიფო რელიგიური ინსტიტუტების ფუნქციონირებაში”, – თქვა ვაშინგტონელმა კარდინალმა დონალდ ვუერლიმ წინა კვირას, სპეციალურ განცხადებაში.

რელიგიური თავისუფლების ხელყოფის შესახებ განგაში კათოლიკე ეკლესიისა და სხვა კონფესიათა ლიდერებმა იანვარში ატეხეს. კონფლიქტი სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის ე.წ Obamacare-ის გარშემო დაიწყო. ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი საყოველთაო, სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს. უარის მთქმელს კი ჯარიმებს უწესებს.

იმავე აქტში, რელიგიურ თუ მათ მიერ დაარსებულ საგანმანათლებლო, სამედიცინო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს დასაქმებულებისთვის ისეთი სადაზღვევო პაკეტის შეძენა ევალებათ, რომელიც კონტრაცეფციის, სტერილიზაციისა და აბორტის თანხებსაც დაფარავს. ეკლესიათა უმრავლესობისთვის ეს სინდისზე ძალადობაა, რადგან მათ ფულის ხდა იმაში მოუწევთ, რასაც სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულად თვლიან.

ობამას ადმინისტრაციასთან რელიგიური ორგანიზაციების რამდენიმეთვიანი დიალოგის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თეთრი სახლის ამჟამინდელმა მკვიდრმა კომპრომისზე წასვლა სცადა – ეკლესიებს პირდაპირი მოთხოვნა მოუხსნა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულა, ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს აბორტსა და კონტრაცეფციაზე მომსახურება უფასოდ შესთავაზონ. ობამას ბუღალტრული ილეთით, ეკლესიას მოუწევს, სადაზღვევო კომპანიას ფული მისცეს – ხოლო სადაზღვევო „უფასოდ” დააზღვევს ორგანიზაციის თანამშრომლებს. ეკლესიის სინდისი ფორმალურად, ბუღალტრულ დოკუმენტებში სუფთა იქნება. ბუნებრივია, ეს უკანასკნელნი ამით არ დაკმაყოფილდნენ.

აგვისტოში დაწყებული და იანვარში დასრულებული ობამას ინიციატივა, საბოლოოდ, მომავალ წელს უნდა დაინერგოს. „ეს იქნება წელი, როცა ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ სიარული”, – ასე შეაფასა კარდინალმა დოლანმა მომავალ წელს კათოლიკე ეკლესიის ცხოვრების პერსპექტივა.

კათოლიკე ეკლესიისა და სხვა კონფესიათა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ არის „ეკლესია სახელმწიფოს წინააღმდეგ, საარჩევნო წელს” – „ეს არის გამოწვევა მორწმუნეთათვის, შეძლონ სამოქალაქო არენაზე რელიგიური თავისუფლების დაცვა”. კარდინალი დოლანი, რომელიც ამერიკის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტია, ამბობს, რომ „ეკლესია აიძულეს, ეკლესიას ეს არ სურდა”.

კათოლიკე იერარქიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ითამაშა. პონტიფექსი, რომელსაც ჯერ კიდევ კარდინალობისას სოციალიზმისა და კომუნიზმის აქტიურ კრიტიკოსად იცნობდნენ, რამდენიმე თვის წინ ვატიკანში, ამერიკის ეპისკოპოსთა უმაღლეს წარმომადგენლობასთან შეხვედრისას, ამ ქვეყნის ფუნდამენტური ფასეულობების ეროზიაზე ალაპარაკდა.

პაპმა თქვა, რომ ეპისკოპოსებმა მას „ბოროტი პრაქტიკის” წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უამბეს, რომელიც ეკლესიას ავალდებულებს, თანამშრომლები აბორტსა და კონტრაცეფციაზე დააზღვიოს. პაპმა მოუწოდა კათოლიკე ეკლესიის საერო პირებს, „დაამოწმონ საკუთარი რწმენა” სამოქალაქო არენაზე. მან ყურადღება იუდეო-ქრისტიანულ მორალსა და სამოქალაქო ფასეულობებზე გაამახვილა. უზენაესი პონტიფექსის მწვანე შუქის შემდეგ, ამერიკის ეკლესიები თავდაცვის აქტიურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ეკლესიათა წარმომადგენლები არ იბრძვიან ქალებისთვის კონტრაცეფციის გამოყენების უფლების წართმევისთვის, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია. საქმე რელიგიური თავისუფლების უხეშ ხელყოფასთან გვაქვს. სახელმწიფოს სურვილი, თავს მოახვიოს რელიგიურ ორგანიზაციებს საკუთარი მსოფლმხედველობა, ფაქტობრივად, არსს უკარგავს მათ არსებობას.

გარდა სინდისზე ძალადობისა, პრობლემურად იქცა თავად რელიგიური ორგანიზაციის ობამასეული განმარტება. ამ კანონის მიხედვით, რელიგიური ინსტიტუტი მხოლოდ ისაა, რომელიც აღასრულებს ღვთისმსახურებას, მაგრამ თუ ამ ინსტიტუტს დაარსებული აქვს საქველმოქმედო ან საგანმანათლებლო ორგანიზაცია, მათ სახელმწიფო რელიგიური მსახურების ნაწილად არ აღიარებს. შესაბამისად, ობამა აბორტსა და კონტრაცეფციაზე დაზღვევის გამონაკლისს მხოლოდ მღვდელმსახურებაზე უშვებს, მაგრამ მათ სოციალურ მსახურებას ამისთვის „არასაკმარისად რელიგიურად” მიიჩნევს. ვაშინგტონის კარდინალმა ამ ლოგიკას აბსურდული უწოდა – „გამოდის, დედა ტერეზას მსახურება რელიგიური არ იყო და მასაც მოუწევდა საკუთარი თანამშრომლები აბორტზე დაეზღვია”.

კანონი ლახავს ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებას – კონგრესს არ აქვს უფლება, მიიღოს კანონი, რომელიც რელიგიურ ინსტიტუტს შეზღუდვებს დაუწესებს. რაც შეეხება ეკლესიათა დაარსებულ სოციალურ ორგანიზაციებს, აქაც ე.წ. ღვთისმსახურების გამონაკლისის წესი მოქმედებს. ღვთისმსახურების გამონაკლისი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რელიგიურ ორგანიზაციებს გამონაკლისის წესით უმსუბუქებს. მაგალითად, თუ შტატში ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს ჰომოსექსუალთა სამსახურში აყვანაზე, სახელმწიფოს უფლება არ აქვს, იგივე ვალდებულება რელიგიურ ორგანიზაციებზე განავრცოს.

ეს წესი იანვარშიც გამტკიცდა, როცა უზენაესმა სასამართლომ საქმე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ობამას ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა სასამართლოში სრული კრახი განიცადა. ცხრა მოსამართლიდან არცერთმა, მათ შორის ობამას მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმაც, არ დააკმაყოფილეს შერილ პერიჩის, გათავისუფლებული სკოლის მასწავლებლის სარჩელი. ის მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, ლუთერულმა სკოლამ სამსახურში აღარ მიიღო. პერიჩი ამტკიცებდა, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლად იქცა. სასამართლომ კი ჩათვალა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ მთელ რელიგიურ ორგანიზაციას. შესაბამისად, საქმე ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ამ საკითხს სამოქალაქო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირების განზომილებაც აქვს. რელიგიური თუ არარელიგიური საქველმოქმედო სექტორის რეგულირებით, სახელმწიფო რისკავს, საერთოდ გაანადგუროს ისინი. თვითორგანიზებული და პლურალისტური საზოგადოება სამოქალაქო ინსტიტუტებზე დგას. ასე იცავდა საუკუნეთა მანძილზე ამერიკული საზოგადოება თავს, ერთი მხრივ, ტოტალიტარიზმისგან და მეორე მხრივ – სიღარიბისგან. ამ ინსტიტუტებისთვის ფორმალური დამოუკიდებლობის მიცემა და სახელმწიფოს მხრიდან წესების თავსმოხვევა – სახიფათოა. ამან შეიძლება ორგანიზაციის არსის განადგურებამდე მიგვიყვანოს.

რელიგიური ორგანიზაციები საკუთარ საქმიანობას რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე წარმართავენ და მის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. მათი ქველმოქმედება კი ამერიკული საზოგადოების კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. თუ ეკლესიებს მოსთხოვენ, სიკეთე აკეთონ აბორტში ფულის გადახდით, ან ჰომოსექსუალთა სამსახურში აყვანით, ეს მათ რწმენასთან კონფლიქტში მოვა და მალე საქმიანობის გაგრძელების არავითარი მოტივაცია აღარ დარჩებათ.

კათოლიკე ეკლესიის სოციალური დოქტრინა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს: ოჯახს, რელიგიურ და სხვადასხვა ნებაყოფლობით გაერთიანებებს. იგულისხმება, რომ სწორედ ეს ინსტიტუტებია საკვანძო თავისუფლებისთვის – რომელშიც ტირანები დემოკრატებად იქცევიან, ადამიანებად, რომელთაც თავისუფალი საზოგადოების შენება შეუძლიათ.

იოანე II ამ ინსტიტუტებთან დაკავშირებით ასეთ ფრაზას იყენებდა: „საზოგადოების სუბიექტურობა”. როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაცია არ იზიარებს ამ შეხედულებას მრავალშრიან დემოკრატიაზე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ როლს თამაშობს. უკანასკნელი მაგალითიც აჩვენებს, რომ ამის საპირისპიროდ, ინდივიდად მხოლოდ სახელმწიფო აღიქმება, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები კი – სახელმწიფოს გაგრძელებად. შესაძლოა, ირონიულადაც ჟღერდეს, რომ კათოლიკური ეკლესია, რომელსაც ისტორიის მანძილზე დიდხანს ადანაშაულებდნენ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებში, ახლა მთავარ როლშია დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვაში.

სახელმწიფო, რომელიც სამოქალაქო ინსტიტუტებსა და საზოგადოებას საკუთარი წესებით ცხოვრების აუცილებლობას უდგენს, თვლის, რომ ინდივიდსა და მას შორის სივრცე აღარ უნდა არსებობდეს. ხოლო ინსტიტუტები მისი იდეოლოგიური გაგრძელებებია. ასეთ მიდგომას National Review-ს კომენტატორი ჯონა გოლდბერგი „ლიბერალურ Gleichschaltung”-ს უწოდებს. ეს გერმანული სიტყვა „კოორდინაციას” ნიშნავს. მისი თქმით, გერმანული ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს მიზანი, ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ინსტიტუტზე საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება იყო. „თანამედროვე პროგრესიზმი არ წარმოადგენს ბიწიერ იდეოლოგიას. მისი მიზანი არ არის ბოროტება და ჰიტლერიზმთან მისი შედარებაც შეუძლებელია. მაგრამ არსებობს პროგრესისტული „კოორდინირება”, რაც იმავე პრინციპით მოქმედებს, რითიც ნაციზმი – პროგრესისტული დღის წესრიგი ყველა დაწესებულებაზე უნდა ვრცელდებოდეს!”. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მსოფლმხედველობის თავსმოხვევა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისთვის, თუნდაც რეტროგრადული იდეების წინააღმდეგ მიმართული, საბოლოოდ, სიკეთის სახელით, ტოტალიტარულ ძალად იქცევა.

აშშ-ის მოსახლეობის 22%-ის იერარქთა რადიკალურმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ობამას მეორე ვადით არჩევაში ხელი შეუშალოს. მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე, Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, ობამას მხარდაჭერა კათოლიკეთა შორის მნიშვნელოვნად დაეცა.

ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 2008 წელს არჩევნები 54% კათოლიკე ამომრჩევლის მხარდაჭერით მოიგო. მისი რეიტინგი კი, კვლევის პერიოდში, იმავე ჯგუფში 53%-დან 45%-მდე დაეცა. ხოლო არაესპანურენოვან კათოლიკეებში, რელიგიურ თავისუფლებაზე ზეწოლის შემდეგ, 45%-დან 37%-მდე დაიწია. ამერიკის ე.წ. შუა დასავლეთში, განსაკუთრებით ოჰაიოსა და პენსილვანიაში, სადაც არაესპანურენოვანი კათოლიკეების დიდი კონცენტრაციაა, ობამამ შეიძლება ხმათა დიდი ნაწილი დაკარგოს, რადგან ამ რეგიონში მერყევი ამომრჩეველი ცხოვრობს.

მეოცე საუკუნის განმავლობაში კათოლიკე ამომრჩეველი ძირითადად დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ეს სურათი შეიცვალა და, როგორც წესი, კათოლიკეები ისეთივე არჩევანს აკეთებენ, რასაც ამერიკის მთელი მოსახლეობა. თუმცა აქ ორი კატეგორიის კათოლიკეები შეიძლება გამოვყოთ: ესპანურენოვანი და არაესპანურენოვანი. პირველნი დღესაც დემოკრატიული ორიენტაციის არიან. ღრმადმორწმუნე კათოლიკეები კი ხმას, როგორც წესი, რესპუბლიკელებს აძლევენ.

ამერიკის ამჟამინდელი მეთაური, როგორც ჩანს, რეიტინგის ვარდნას დიდად არ უფრთხის. მორწმუნე ამომრჩეველი მას ხმას ძირითადად არ აძლევს. ობამას გათვლა, სავარაუდოდ, განქორწინებულ ქალებზე, უმაღლესშემდგომი განათლების მქონეებზე, უმცირესობებსა და სეკულარებზე აქვს. თუმცა ოჰაიოს წაგება არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის სასურველი არ არის. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც ამ შტატის მხარდაჭერის გარეშე თეთრ სახლში დაბინავება მოახერხა, კენედი იყო. ამასთან, არსებობს ეჭვი, რომ ეს გაყალბების ხარჯზე მოხდა. თანამედროვე „იმპერატორისა და პაპის” ბრძოლა მალე სასამართლოებში გადაინაცვლებს, სადაც ობამას ადმინისტრაციას განმარტებების გაკეთება მოუწევს.

კომენტარები