ფოკუსი

უკუნეთი – უკუნისამდე

ელ გრეკო. ტაძრიდან მოვაჭრეთა განდევნა. 1609

უკანასკნელ ხანებში მართლმადიდებელი სასულიერო პირების და მრევლის ნაწილმა საზოგადოების ყურადღება რამდენიმე აქტივობით მიიპყრო – ჯერ იყო და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბერ-მონაზვნობა მონასტრის ტერიტორიების წართმევაზე ალაპარაკდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ღალატში დასდო ბრალი, შემდეგ კი ექსტრემისტულმა მართლმადიდებლურმა ორგანიზაციებმა ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციას გაგრძელების საშუალება არ მისცეს და მის მონაწილეებზე იძალადეს.

მოვლენები ერთგვარად დააგვირგვინა პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობ იაკობაშვილის საკვირაო ქადაგებამ სამების საკათედრო ტაძარში – იგი ეკლესიის კრიტიკოსებს დაემუქრა და განაცხადა, რომ საპატრიარქოს მოთმინება ულევი არაა, ამიტომ, თუ არ გაჩერდებიან, ქრისტეს ერი ყველას ჭკუას ასწავლის. ქორეპისკოპოსის ქადაგებამ საბოლოოდ გააცხადა, რომ საპატრიარქო, საკუთარი ავტორიტეტის გამოყენებით, ორივე შემთხვევაში ძალის დემონსტრირებას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ მეუფე იაკობის ქვეყნის მთავარი კათედრალის ამბიონიდან ქადაგება კონკრეტული ეპისკოპოსის პირადი აზრი არ იყო და, როგორც თავად აღნიშნა, მთელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის დამოკიდებულებას გადმოსცემდა. ქორეპისკოპოსი პატრიარქის ვიკარიუსის, მისი მოადგილის ხარისხია და ყოველი საჯარო განცხადება პატრიარქის სიტყვად უნდა მივიღოთ. ამავე ქადაგებაში მეუფე იაკობი გარეჯის ამბავსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ საქართველოს... ეს იქნება გარეჯში თუ ნებისმიერ სხვა წერტილში”.

სამღვდელოება და მასთან ერთად პოლიტიკოსები, რომლებიც შექმნილ მდგომარეობაზე პოლიტიკურ კაპიტალიზებას ცდილობენ, სახიფათო ზღვარზე თამაშს არ მოერიდნენ: მრავალჯერ გაისმა ირიბი და ზოგჯერ, პირდაპირი მოწოდებები მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაძაბვაზე, მეტიც, ნახსენები იყო „ომის დაწყებაც”. ეს მაშინ, როცა იგივე სპექტრი, შერჩევითი პატრიოტიზმის პრინციპით, ტერიტორიებთან დაკავშირებულ რეალურ პრობლემებზე დუმს – მათთვის მსგავსი პროტესტის საბაბი ილორის ტაძრის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენაც კი არ გამხდარა.

ის, რისთვისაც სინოდის სხვა წევრებთან თათბირის შემდეგ ქორეპისკოპოსი სისხლის დაღვრას აპირებდა და მრევლს რაზმავდა, სინამდვილეში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთი შეხვედრით ისევე მოგვარდა, როგორც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გვარდებოდა. როგორც გაირკვა, ის, რაც სასულიერო პირებმა, მათთან უნისონში მყოფ პოლიტიკოსებთან და საჯარო პირებთან ერთად, აზერბაიჯანის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრად მონათლეს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით მეორდებოდა. ყველა შემთხვევაში, მხარეები შეთანხმებას აღწევდნენ.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს იცოდა, თუმცა ადგილზე სიტუაციის დაძაბვასა და მასობრივ მსვლელობებზე უარი არც მას შემდეგ თქვა, რაც მორატორიუმის მიღწევის შესახებ მოლაპარაკება შედგა. დღეს, დავით გარეჯის კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ყველა მოქალაქესა თუ უცხოელ ტურისტს უპრობლემოდ შეუძლია გადაადგილება.

დავით გარეჯის გარშემო ხმაურს 17 მაისიც დაერთო – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომლის აღსანიშნავადაც ქართული ლგბტ უფლებადამცველები ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ. ფერადი დროშებითა და სხვადასხვა ტრანსპარანტებით, მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავდნენ ლგბტ ადამიანების მიმართ და მათ დისკრიმინაციას გმობდნენ.

რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავისუფლების მოედნისკენ აპირებდა მსვლელობის გამართვას. როგორც აღმოჩნდა, გზად გამვლელების მიერ გამოხატული უკმაყოფილება მხოლოდ იმის შესავალი იყო, რაც აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ელოდათ. რუსთაველის მეტროსთან დემონსტრანტების შეჩერება სცადა მსგავსი და სხვა სახის ღონისძიებების ჩაშლით ცნობილმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, რომელსაც მისივე წევრები, ავთანდილ უნგიაძე და მამა დავით ისაკაძე ხელმძღვანელობდნენ. აქვე იყო დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც, ტრადიციულად, გოგირდის წვიმითა და მიწისძვრებით იმუქრებოდა.

სასულიერო პირები პოლიციას სთხოვდნენ, გარყვნილების ქადაგება აღეკვეთათ და მსვლელობა შეეჩერებინათ, თუმცა უარი მიიღეს. აქციის ჩაშლის მცდელობა მონაწილეებთან სიტყვიერი დაპირისპირებით გაგრძელდა და მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როდესაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია, საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და 5 ადამიანი დააკავა. აქედან სამი – აქციის მონაწილე აღმოჩნდა, ორი კი მათთან დაპირისპირებული პირი. დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. მსგავსი გადაწყვეტილება ზოგმა სახელმწიფოს არაეფექტურ ქმედებად, მსვლელობის მონაწილეების დაკავება კი უსამართლობად შეაფასა.

18 მაისს მეორე აქცია გაიმართა და ამჯერად მონაწილეები წინა დღის ძალადობას აპროტესტებდნენ. აქციას ჰოლანდიის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებიც შეუერთდნენ, თუმცა დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე აგრესიულად განწყობილმა ადამიანმა მონაწილეებზე გაიწია, პოლიცია მათ გამოედევნა – ნაწილი აიყვანა, ხოლო ერთი ახალგაზრდა ქაშუეთის ტაძარში მამა ელიზბარმა შეიფარა. საბოლოოდ, პოლიციამ იმ დღეს უკეთ მოახერხა აქციის მშვიდობიანად დასრულების უზრუნველყოფა.

ყველაფერთან ერთად გამვლელების რეაქციაც მოწმობს, რომ საზოგადოებაში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობები ჯერ კიდევ ძლიერია, თუმცა სანამ ლგბტ მანიფესტანტებს ორგანიზებული, მართლმადიდებელი ჯგუფი არ გადაეღობა, გზის გარკვეული ნაწილის გავლა მათ მაინც მშვიდობიანად შეძლეს.

მომხდარის შემდეგ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა: „ჩვენ ძალადობისკენ არასდროს არავის მოვუწოდებთ... თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თვლის, რომ ამ ადამიანების მიერ თავისი ავადმყოფობის დემონსტრირება მიუღებელია. ისინი მხოლოდ მძიმე ცოდვაში არ არიან, ეს ავადმყოფობაა”.

მართლაც, საქართველოს საპატრიარქო ძალადობისკენ პირდაპირ არავის მოუწოდებს, თუმცა არც ფიზიკური ზეწოლისგან თავის შეკავებაზე ქადაგებით ირჯება. ისინი, როგორც წესი, მათსავე იურისდიქციაში შემავალ ექსტრემისტ მღვდლებთან და მრევლის წევრებთან კავშირს უარყოფენ: როცა ეს უკანასკნელნი უმცირესობებს არბევენ, ტელეკომპანიაში იჭრებიან ან უნივერსიტეტთან გამოხატვის თავისუფლებისთვის შეკრებილ ადამიანებს სცემენ. სამაგიეროდ, შემდეგ მხარს უჭერენ – გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლებას ანიჭებენ. ასე დააჯილდოვა პატრიარქმა მამა დავით ისაკაძე, როცა მისი რაზმი თბილისის ცენტრში ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობის მიმართ ამგვარი პოზიციის დაჭერით საპატრიარქო ქრისტიანული მორალის სახელით განხორციელებული ძალადობის თანამონაწილე ხდება. ეს მორალური პრინციპები მაშინ აქტიურდება, როდესაც საქმე ისედაც დისკრიმინირებულ მცირე ჯგუფებს ეხება. სამაგიეროდ, არ მოქმედებს მაშინ, როდესაც სასულიერო პირები გაჭირვებულ ადამიანებს საპატრიარქოს ლიცენზიის გარეშე სანთლების გაყიდვას უკრძალავენ.

ცალსახაა, რომ ეკლესია ცდილობს, მისთვის არასასურველი პირების გასაჩუმებლად საზოგადოების აგრესია არ შეაჩეროს. ამ პოზიციას მეორე მხარეც აქვს: სახელმწიფოს პოპულარულ რელიგიურ ინსტიტუტთან პირდაპირ დაპირისპირება უჭირს, ხოლო ექსტრემისტულ ჯგუფებთან დისტანცირებით, გარკვეულწილად, ხელ-ფეხი ეხსნება დამნაშავეების დასასჯელად.

ზემოხსენებულ მოვლენებში დამნაშავე პირების დასჯით, სახალხო დამცველის ანგარიშებში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული შემცირდა – ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობის აღკვეთა რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზაა. ჰომოფობიასთან და ქსენოფობიასთან ბრძოლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა სახელმწიფო მოახერხებს, ლგბტ ჯგუფმა საკუთარი ხილვადობა დაუბრკოლებლად, ფიზიკური ზეწოლის შიშის გარეშე გაზარდოს.

კომენტარები