დურუჯი

განახლებული ”დურუჯი”

ივნისის დასაწყისში დამოუკიდებელი თეატრალური პრემია ”დურუჯის” ნომინანტთა მოკლე სია შედგება, საიდანაც გამარჯვებულები, ჟიურის აზრით, რამდენიმე ნომინაციაში - 1. საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი; 2. საუკეთესო მსახიობი ქალი; 3. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი; 4. საუკეთესო მხატვარი; 5. ახალგაზრდა რეჟისორი; 6. სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი - გამოვლინდებიან. დაჯილდოება, ტრადიციულად, საქველმოქმედო ფონდ ”ცისკრისა” და კომპანია ”რედიქსის” ინიციატივით გაიმართება.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან საუკეთესო მხატვრის ნომინაცია ”დურუჯის” დაარსებიდან (2009) მოყოლებული პირველად დაწესდა და გამარჯვებულს ”ჯეოსელი” Samsung Galaxy Tab-ის უახლეს მოდელს გადასცემს. ყველაზე სოლიდური ფულადი პრემიით - 14 ათასი ლარით - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი დაჯილდოვდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური პრიზი კი, 10 ათასი ლარი, 35 წლამდელ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს გადაეცემა. დანარჩენ ნომინაციებზე ორგანიზატორებმა 2 ათას - 2 ათასი ლარი გადაანაწილეს.

”დურუჯის” წლევანდელ ჟიურის საუკეთესოების გამოვლენა 19 თეატრის 30 სპექტაკლიდან მოუწევს (სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ: http://www.redix.ge).

თეატრალურ პრემიაზე ყველაზე ბევრი დადგმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა წარადგინა. მათ შორისაა მიმდინარე თეატრალური სეზონის ყველაზე გახმაურებული და ერთდროულად რამდენიმე ნიშნით გამორჩეული სპექტაკლი, მიხეილ მარმარინოსის R+J. მისი მთავარი კონკურენტი უნდა იყოს რობერტ სტურუას ”ნადირობის სეზონი”, რითაც პრემიაზე განაცხადი რუსთაველის თეატრმა გააკეთა. მარჯანიშვილის თეატრი ჟიურის განსახილველად სამი თაობის რეჟისორების: გიზო ჟორდანიას, დიმიტრი ხვთისიაშვილის და ნიკოლოზ ლუარსაბიშვილის

დადგმებს სთავაზობს. მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრმა, რომელმაც მიმდინარე თეატრალური სეზონი მოწვეულ და ახალგაზრდა რეჟისორებს დაუთმო, არჩევანი გურანდა იაშვილისა და მაკა ნაცვლიშვილის წარმოდგენებზე გააკეთა.

აღნიშნული თეატრების გარდა, თბილისიდან წლევანდელ პრემიაზე საკუთარი დადგმები სანდრო ახმეტელის სახელობის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს პანტომიმის, სამეფო უბნის, მოძრაობის და სოხუმის როგორც მოზარდ მაყურებელთა ასევე დრამატულმა თეატრებმა წარადგინა. თბილისის გარდა კონკურსში საკუთარი ნამუშევრებით რუსთავის, ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, გორის და ფოთის დრამატული, მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრები მონაწილეობენ. 30 დადგმიდან 10 ეროვნულ დრამატურგიაზეა აგებული. აქედან სამი, ახმეტელის და მუსკომედიის თეატრებში განხორციელებული ”პანთეონი” და ოზურგეთში დადგმული ”ნაფტალინი”, ”დურუჯის” პრემიით უკვე დაჯილდოებულ დრამატურგს, ლაშა ბუღაძეს ეკუთვნის.

"4 წლის წინ პრემია „დურუჯი“ მხოლოდ ერთ ლაურეატს გადაეცემოდა. შარშან ლაურეატების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, წელს კი კიდევ ერთი ნომინაცია - წლის საუკეთესო მხატვარი დავამატეთ. ჩვენ არ ვღალატობთ დაპირებას და ვცდილობთ ყოველწლიურად დავხვეწოთ არა მხოლოდ პრემიის გაცემის პირობები, არამედ გავზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც წლის განმავლობაში თეატრალურ სფეროში შეტანილი ღვაწლი დაუფასდება. როგორც ხედავთ, „დურუჯი“ იზრდება და ვითარდება" - აცხადებს "დურუჯისა" და საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.

თეატრალური პრემია "დურუჯის" პარტნიორია კომპანია "რედიქსი"; საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია "რუსთავი 2", გაზეთი "24 საათი", რადიო "ფორტუნა"; მხარდამჭერები – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბანკი „რესპუბლიკა“, "ჯეოსელი", ველნესცენტრი „კლუბი 71“, გამომცემლობა „დიოგენე“, საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ბაკარა“, GD ALCO, "ისი-პარი", "ფრეზია", "ირაკლი წულაძე ქანდაკება".

წლევანდელი ”დურუჯის” დაჯილდოების ცერემონია 16 ივნისს, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება.

 

კომენტარები