ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსი მესაზღვრეებისთვის ახალი სამხედრო ქალაქი გაიხსნა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამმართველოს ახალი სამხედრო ქალაქი დღეს გაიხსნა. Ekhokavkaza – ს ინფორმაციით, ახალი სამხედრო პუნქტი „ენგური“ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარეობს.

გამოცემის ცნობით, სამხედრო ქალაქის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სეპარატისტიულ რესპუბლიკაში რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი კომარევცევი, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბესლან კუბრავა და დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის ელჩი სემენ გრიგორევი.

ანქვაბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან კუბრავას განცხადებით, „რუსეთი აფხაზეთის რეგიონში ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს, ყოველთვის ეხმარებოდა თავის მეგობრებს, მათ უწევდა სამხედრო მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას.“

სემენ გრიგორევმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „აფხაზეთსა და რუსეთს საერთო მეგობრები და მოწინააღმდეგეები ჰყავს, რაც მათი მხრიდან მჭიდრო პარტნიორობასა და ურთიერთქმედებას ითხოვს. ერთ–ერთი მთავარი საკითხი კი სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერებაა“.

2012 წლის ბოლომდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეებისთვის კიდევ სამი ახალი სამხედრო ქალაქი დაარსდება.

კომენტარები