იემენი

იემენში აფეთქებას ათობით სამხედრო ემსხვერპლა

იემენში, ქალაქ სანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 60 - ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაშავდა 300-მდე ადამიანი. ჯარისკაცებს, რომლებიც დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანზე დადეგმილი სამხედრო აღლუმისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებდნენ, თავს თვითმკვლელი პიროვნება დაესხათ.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი, სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული. იგი მოედანთან ახლოს მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდა. ადგილზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და სამხედროს შტაბის წარმომადგენელიც იმყოფებოდნენ, თუმცა არ დაშავებულან.

თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ქვეყნის მთავრობა მომხდარში ბრალს ალ-ქაიდას სდებს.

იემენში სამხედრო აღლუმი 22 მაისს არის დაგეგმილი, საზეიმო მსვლელობა სამხრეთ და ჩრდილოეთ იემენის გაერთიანების 22 წლისთავთან დაკავშირებით გაიამართება.

 

კომენტარები