ელექტრონული მმართველობა

3D ბიუროკრატია მოქალაქეთა სამსახურში

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონულ მმართველობაზე ისაუბრა. „ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდება შენ წინ”, – ამგვარად აგვიხსნა პრეზიდენტმა სამომავლო „ელექტრონული მთავრობის” მუშაობის პრინციპი ყვარელში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციისას და დაამატა, რომ ეს ფანტაზიის სფეროს სულაც არ განეკუთვნება.

მართალია, მინისტრების ჰოლოგრამული გამოსახულებები ჯერ მსოფლიოში არსად დანერგილა და, ალბათ, არც საქართველოში ვიხილავთ ახლო მომავალში, თუმცა ელექტრონული მმართველობის პრინციპი ახალი ნამდვილად არაა – ის არაერთ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. ელექტრონული მმართველობა სხვადასხვა ელემენტს მოიცავს და გულისხმობს, როგორც საჯარო ინფორმაციის ონლაინგამოქვეყნებას და სერვისების ონლაინმიწოდებას, ისე მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის აქტიური ინტერაქციისთვის პლატფორმების შექმნას, ხმის ონლაინ მიცემის საშუალებებსა და სხვა შესაძლებლობებს.

ელექტრონულ მმართველობას რამდენიმე უპირატესობა აქვს; ამცირებს ბიუროკრატიულ საფეხურებს, ზოგავს დროსა და სხვა რესურსებს, ხელს უწყობს პროაქტიულ კომუნიკაციას, გამჭვირვალობის ზრდას და ა.შ. ასეთი მმართველობა ნაკლებად იერარქიული, მოქნილი და ინტერაქციულია. უფრო ფართო გაგებით, ელექტრონული მმართველობა სისტემური გარდაქმნისა და დახვეწის საშუალებად განიხილება. ივარაუდება, რომ ის არა მხოლოდ მთავრობასა და მოქალაქეებს, ან მთავრობასა და ბიზნესებს შორის, არამედ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ურთიერთობასაც გაამარტივებს.

ბოლო პერიოდში საქართველოც აქტიურად ცდილობს ელექტრონული მმართველობის დანერგვას და აქ უკვე არაერთი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ონლაინრეჟიმში. მაგალითად, ასეთი სერვისებია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო და საჯარო რეესტრის მთელი რიგი მომსახურებები, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერვისები. ონლაინმომსახურებები აქვს დანერგილი ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, თბილისის მერიას, საჯარო სამსახურის ბიუროს და კიდევ რამდენიმე უწყებას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ რამდენიმე საბაზისო ნაბიჯს გამოყოფს, რითაც ელექტრონული მმართველობის განსავითარებლად ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პირველი მონაცემთა გაცვლის ერთიანი პლატფორმის დანერგვა იყო, შემდეგ კი ID ბარათების გაცემა დაიწყო. ეს უკანასკნელი მოქალაქის ონლაინიდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მისი საშუალებით ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერაა შესაძლებელი. მესამე საფეხურზე, სულ ახლახან, შეიქმნა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო ორგანიზაციები თუ კერძო პირები სხვადასხვა მომსახურებების მიწოდება-მიმოცვლას შეძლებენ. ამავე საიტის მეშვეობით, მოქალაქეები სხვადასხვა უწყებებში დაცულ პირად ინფორმაციას თავადვე მართავენ.

კიდევ ერთი პროექტი, სადაც მოქალაქეები თავად შეძლებენ ინფორმაციის მართვას, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაა. აქ, მაგალითად, მათი ავადმყოფობის ისტორიის განთავსება იქნება შესაძლებელი – ინფორმაცია ჩატარებულ პროცედურებზე, მკურნალობაზე, ალერგიულობაზე, სისხლის ჯგუფზე თუ სხვა მსგავს საკითხებზე.

გარდა ამისა, შეიქმნება პორტალი მოქალაქეებისთვის, სადაც იდეების მიმოცვლა და მათი მთავრობისთვის შეთავაზება იქნება შესაძლებელი. ასევე ამოქმედდება საჯარო ინფორმაციის ერთიანი ვებგვერდი, საიდანაც ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა მოხდება და ადრესატი დაწესებულების ცოდნაც არ იქნება აუცილებელი. იგეგმება სხვა პროექტებიც – მათ შორის, ელექტრონული თვითმმართველობის მიმართულებით და განათლების სფეროში ონლაინმმართველობის უფრო ფართოდ დასანერგად.

ბუნებრივია, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უკვე ამუშავებული და დაგეგმილი სერვისების მიღება და კომუნიკაცია შეძლონ, ინტერნეტზე მისაწვდომობა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი მოიხმარს მხოლოდ. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება შეიქმნა. გარდა ამისა, ახლო მომავალში, საქართველოს სოფლების 80%-ში ინტერნეტი იქნება, თბილისი და ბათუმი კი მთლიანად დაიფარება უკაბელო, WI-FI სისტემით.

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტი, პირველ ეტაპზე, 300 ყველაზე დიდ სოფელში დაიწყება. თითოეულში შეირჩევა 2-2 ადამიანი, რომელთაც გადაეცემათ 3 კომპიუტერი და შესაბამისი აღჭურვილობა, რათა გაიხსნას მინიცენტრები. ისინი ოთხი მიმართულებით იმუშავებენ: პირველი – ცოდნის გავრცელებაა. ასევე, მოსახლეობა შეძლებს გარკვეული სახელმწიფო და კერძო სერვისების ადგილზე მიღებას. ცენტრებს კომუნიკატორის ფუნქციაც ექნება – შეგროვდება ყველა მცხოვრებლის ტელეფონის ნომრები, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ინფორმირება მოხდეს. მაგალითად, სესხებზე და პესტიციდებზე. მათ გაუწევენ ისეთ მარტივ მომსახურებებსაც, როგორიცაა დოკუმენტების ასლის გადაღება და იმეილის გაგზავნა.

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მიღებული ცოდნა მოსახლეობამ ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს. მაგალითად, საკუთარი პროდუქცია ონლაინ გაყიდოს. როგორც პროექტის იდეის ავტორი, გიორგი ვაშაძე ამბობს, არავის აქვს ილუზია, რომ სოფლად მცხოვრები მილიონ ორასი ათასი კაცი თავიდანვე აქტიურად ჩაერთვება პროცესებში, თუმცა სჯერა, რომ იქნება საუკეთესო გამოცდილებები. დროთა განმავლობაში ამას სხვებიც დაინახავენ და დაინტერესდებიან. ვაშაძე ვარაუდობს, რომ რამდენიმე წელიწადში სისტემა საკუთარი თავის მართვას დაიწყებს. პროექტში მონაწილეობით უკვე დაინტერესებულია კერძო სექტორიც.

კერძო სექტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობაში. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ მისი, და არა სახელმწიფოს, ძალისხმევით მიაღწიეს E-commerce-ის განვითარებას. არსებული ინფრასტრუქტურა კერძო სექტორის აქტივობის გარეშე აუთვისებელი დარჩება და ონლაინსიკეთეებით სარგებლობას დიდწილად კვლავ ისინი გააგრძელებენ, ვინც მას უკვე იყენებდა.

ამ მხრივ დიდი როლი აქვს საბანკო სექტორს და იმას, რამდენად იყენებენ საბანკო მომსახურებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შემოსავლებიც. საქართველოში, 2012 წლის მარტის მონაცემებით, მიმოქცევაში იყო 600 ათასზე მეტი საკრედიტო პლასტიკური ბარათი, ვადიანი დეპოზიტი კი 2 მილიონ 600 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს ჰქონდა. თუმცა მთლიანობაში, როგორც ორგანიზაცია ACT-ის 2011 წლის კვლევამ გვიჩვენა, ფულის დაზოგვას მოსახლეობის 84%, როგორც წესი, ვერ ახერხებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორიც. ვინც ფულს ზოგავს, თბილისსა და დიდ ქალაქებში მას ბანკში ინახავს, ხოლო სოფლებში ბანკების მიმართ ნდობა დაბალია და თანხებს უმეტესად სამალავებში ათავსებენ.

ამჟამად ელექტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსში საქართველო 72-ე ადგილზეა 190 ქვეყანას შორის. 2010 წელთან შედარებით პროგრესი აშკარაა – მაშინ ქვეყანა მე-100 ადგილზე იმყოფებოდა. საქართველოს წინსვლა აქვს საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით და სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდების სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციის მხრივაც.

მსოფლიოში ელექტრონულ მმართველობას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იკვლევს და სწორედ ის ადგენს შესაბამის ინდექსსაც. მსოფლიო ინდექსი ზომავს ქვეყნების წარმატებას ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, ამ მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. 2012 წლის ანგარიშში დიდი ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას არაურბანულ ნაწილში, ანუ დაშორებულ რეგიონებში.

ელექტრონული მმართველობის ინდექსის მიხედვით, ყველაზე წარმატებული ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო მაჩვენებელი ესტონეთს აქვს.

 

კომენტარები