ელექტრონული მმართველობა

სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალი ამუშავდა

დღეიდან სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალი my.gov.ge ამუშავდა. ამ ეტაპზე ვებგვერდის მეშვეობით რამდენიმე ათეული მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი ისე, რომ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა არ დასჭირდებათ. ამ მომსახურებების მისაღებად მოქალაქეებს არც იმის ცოდნა სჭირდებათ, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ. პორტალს ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სერვისები.

ვებგვერდი გახსნილი პლატფორმაა. მისით მომსახურებების მიწოდებას მომავალში ნებისმიერი პირი, თუ კომპანია შეძლებს. შემქმნელები ვარაუდობენ, რომ აქ საბოლოოდ არა მხოლოდ ყველა სახელმწიფო სერვისმა უნდა მოიყაროს თავი, არამედ ის ასევე აქტიურად უნდა აითვისოს კერძო სექტორმა

სერვისების უმეტესობის მისაღებად მოქალაქეებს ID ბარათი და მისი წამკითხველი დასჭირდებათ. მათ ექნებათ საკუთარი გვერდები და ერთ ფანჯარაში მიიღებენ ყველა იმ მომსახურებას, რაც ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი. ამ ვებსაიტით სარგებლობას საზღვარგარეთაც შეძლებენ.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო პორტალის მომზადებაზე ერთი წლის განმავლობაში მაიკროსოფტთან და HP-სთან ერთად მუშაობდა.

 

კომენტარები