ფეხბურთი

ევრო 2012: A ჯგუფი


პოლონეთი ფიფას რეიტინგი – 65

პირველი საერთაშორისო მატჩი: 18.12.1921 უნგრეთი - 0:1
ყველაზე დიდი გამარჯვება: 01.04.2009 სან მარინო - 10:0
ყველაზე დიდი მარცხი: 26.06.1948 დანია - 0:8
ყველაზე მეტი თამაში: მიხალ ჟევლაკოვი - 102
ყველაზე მეტი გოლი: ვლოძიმიერჟ ლუბანსკი - 48

მსოფლიოს 1974 და 1982 წლების ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, ოლიმპიური ჩემპიონი - 1972 და ვერცხლის მედალოსანი - 1976, 1992.

ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს მეორედ. 2008 წელს ჯგუფიდან ვერ გავიდა.

პოლონეთი პირველად მასპინძლობს დიდ საფეხბურთო ტურნირს, ქვეყნის პირველი გუნდისთვის კი კარსმომდგარი ევროპირველობა მეორეა ისტორიაში: ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანციშეკ შმუდამ უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა. ის რჩეულებს ამხანაგური მატჩების შემდეგ გამოავლენს: 22 მაისს პოლონელები კლაგენფურტში ლატვიას გაეჯიბრებიან, 26 მაისს კი იქვე დაუხვდებიან სლოვაკეთს. 2 ივნისს პოლონეთის ნაკრები მესამე და უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - ვარშავაში ანდორას უმასპინძლებს.

პოლონური ფეხბურთის ოქროს ერად გასული საუკუნის 70-იანი წლები და 80-იანების დასაწყისი ითვლება: ნაკრებმა ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები და ერთხელ, 1978 წელს, მეოთხე ადგილზე გავიდა. 1974 წელს, გერმანიაში, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო პოლონელმა ფეხბურთელმა გრჟეგორჟ ლატომ 7 გოლით მსოფლიო პირველობის ბომბარდირის ტიტული და ოქროს ბუცი მოიგო.

გუნდის მეტსახელია ბიალე ორლი (თეთრი არწივები), სხვანაირად კი ბიალო-ჩერვონისაც (თეთრ-წითლები) უწოდებენ.

მწვრთნელი: ფრაციშეკ შმუდა

63 წლის სპეციალიტი გუნდის თავკაცად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მის სამწვრთნელო კარიერაში პოლონეთი პირველი ნაკრებია - აქამდე ის მხოლოდ კლუბებში მოღვაწეობდა.

ლოძის ვიძევში ორჯერ, ხოლო კრაკოვის ვისლასთან ერთად ერთხელ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, პოზნანის ლეხში მოღვაწეობისას კი ქვეყნის თასი აღმართა.

1996 წელს ვიძევს ჩემპიონთა ლიგაში შეუძღვა, ხოლო 2008 წელს ლეხი უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში გაიყვანა.

ვარსკვლავი: რობერტ ლევანდოვსკი

23 წლის თავდამსხმელი მესამე წელია დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობს. გერმანულ კლუბში ის 2010 წლის ზაფხულში გადავიდა პოზნანის ლეხიდან და მას შემდეგ 88 ოფიციალურ მატჩში 36 გოლი შეაგდო. ბორუსიასთან ერთად ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა. ლევანდოვსკიმ პოლონეთის სამივე პროფესიული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა, შარშან კი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ნაკრებში 40 მატჩში 13 გოლი შეაგდო. 

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე - 7

დაცვა - 6

ნახევარდაცვა - 7

თავდასხმა - 7

ჯამი: 27

საბერძნეთი ფიფას რეიტინგი – 14

პირველი საერთაშორისო მატჩი: 07.04.1929 იტალია - 1:4
ყველაზე დიდი გამარჯვება: 25.11.1949 სირია - 8:0
ყველაზე დიდი მარცხი: 25.11.1938 უნგრეთი - 1:11
ყველაზე მეტი თამაში: თეოდოროს ზაგორაკისი - 120
ყველაზე მეტი გოლი: ნიკოს ანასტოპულოსი - 29

მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა ორჯერ (1994, 2010) და ორჯერვე ჯგუფში ჩარჩა. ფიფას კონფედერაციათა თასზე (2005) ჯგუფიდან ვერ გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს მეოთხედ: 1980 წელს ჯგუფიდან ვერ გავიდა, 2004 წელს ანრი დელონეს სახელობის თასი მოიგო, 2008 წელს კი კვლავ ჯგუფში ჩარჩა.

საბერძნეთის ნაკრები პოლონეთ-უკრაინის საგზურს F შესარჩევ ჯგუფში დაეუფლა, სადაც სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა. ბერძნებმა საკვალიფიკაციო ტურნირი სწორედ თემურ ქეცბაიას გუნდთან საშინაო მატჩით დაიწყეს - 1:1, საბოლოოდ კი 24 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ბერძნებმა 10 მატჩიდან 7 მოიგეს, მათ შორის თბილისში 2:1 და ევრო 2012-ის საგზური აქ გაინაღდეს.

ევროპის ჩემპიონატამდე ფერნანდუ სანტუშის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 26 მაისს სლოვაკეთს უმასპინძლებს, 31 მაისს კი სომხეთს გაეჯიბრება. საბერძნეთის ნაკრების უდიდესი გამარჯვება ევროპირველობებს უკავშირდება: გერმანელი სპეციალისტის ოტო რეჰაგელის გაწვრთნილმა ბერძნებმა 2004 წელს პორტუგალიაში ყველასთვის მოულოდნელად მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ მათ ორჯერ სძლიეს ტურნირის მასპინძელ პორტუგალიას - ჯერ გახსნის მატჩში, შემდეგ კი ფინალში.

გუნდის მეტსახელია ეთნიკი (ეროვნული), სხვანაირად კი გალანოლეფკისაც (ლურჯ-თეთრები) უწოდებენ.

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია)

57 წლის ფერნანდუ მანუელ ფერნანდეშ და კოშტა სანტუში საბერძნეთის ნაკრების თავკაცად 2010 წლის 1 ივლისს დაინიშნა. რამდენიმე თვით ადრე, 4 თებერვალს, საბერძნეთის საფეხბურთო ლიგამ ის ათწლეულის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად აღიარა.

სანტუშმა პორტუში მუშაობისას 2-2-ჯერ მოიგო პორტუგალიის თასი და სუპერთასი, ერთხელ კი ჩემპიონატი, ათენის აეკ-ს კი 2002 წელს საბერძნეთის თასი მოაგებინა.

ვარსკვლავი გიორგოს კარაგუნისი

ნაკრების ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ასაკოვანი ფეხბურთელი, ლიდერი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ქვეყნის პირველ გუნდში. დღეს მის აქტივში 115 სანაკრებო კეპი და 8 გოლია. ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების მხრივ ის მხოლოდ თეოდოროს ზაგორაკისს ჩამორჩება.

კარაგუნისი 2007 წლიდან ათენის პანათინაიკოსში თამაშობს, ახლო წარსულში კი მილანის ინტერის და ლისაბონის ბენფიკას ფეხბურთელი იყო.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე - 6

დაცვა - 7

ნახევარდაცვა - 6

თავდასხმა - 5

ჯამი: 24

რუსეთი ფიფას რეიტინგი – 11

პირველი საერთაშორისო მატჩი: 30.06.1912 ფინეთი – 1:2
ყველაზე დიდი გამარჯვება: 07.06.1995 სან მარინო – 7:0
ყველაზე დიდი მარცხი: 01.07.1912 გერმანია – 0:16
ყველაზე მეტი თამაში: ვიქტორ ონოპკო – 109
ყველაზე მეტი გოლი: ვლადიმირ ბესჩასტნიხი – 26

ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა 1996, 2004 და 2008 წლებში. საუკეთესო შედეგია ნახევარფინალი ევროპის წინა პირველობაზე, ავსტრია-შვეიცარიაში.

რუსეთის ნაკრები პირველი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია: დიკ ადვოკაატის გუნდმა შესარჩევი ტურნირი დამაჯერებლად მოიგო და წელს ჩატარებულ ერთადერთ შეხვედრაშიც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა – დანიას კოპენჰაგენში 2:0 სძლია.

გუნდს ნამდვილად არ ეთქმის ახალგაზრდული – ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 27-28 წელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მოთამაშეთა გამოცდილებაზეც მიუთითებს. ძირითადი შემადგენლობა წლების მანძილზე ყალიბდებოდა, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზი.

საგულისხმოა, რომ დანიასთან ამხანაგური მატჩისთვის ადვოკაატის განკარგულებაში ერთადერთი ლეგიონერი იყო: ლონდონის ფულემის ფორვარდი პაველ პოგრებნიაკი – დანარჩენები რუსეთის კლუბებში თამაშობენ, უმეტესობა მოსკოვის ცსკა-სა და ქვეყნის ჩემპიონ სანკტ-პეტერბურგის ზენიტში.

ევრო 2012-ის დაწყებამდე რუსეთის ნაკრები 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 25 მაისს მოსკოვში უმასპინძლებს ურუგვაის, 29 მაისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ლიტვას გაეჯიბრება, 1 ივნისს კი ჟენევაში იტალიას დაუპირისპირდება.

მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი (ჰოლანდია)

64 წლის სპეციალისტი ნაკრების ისტორიაში მეორე უცხოელი მწვრთნელია – 2010 წელს მან შეცვალა თანამემამულე გუს ჰიდინკი, რომელიც გუნდს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა. დიკ ადვოკაატი საკლუბო ასპარეზზე წარმატებული მწვრთნელია: პსვ ეინდჰოვენში, გლაზგო რეინჯერსსა და სანკტ-პეტერბურგის ზენიტში უამრავი ჯილდო მოიპოვა.

2008 წელს ზენიტმა სწორედ მისი თავკაცობით მოიგო უეფას თასი და ევროპის სუპერთასი, რის გამოც მას სანკტ-პეტერბურგის მერიამ საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძა.

ვარსკვლავი ანდრეი არშავინი

30 წლის ნახევარმცველი, ვის აქტივშიც 68 კეპი და 17 გოლია, დღეს გუნდის კაპიტანია, მასზე ხშირად კი ნაკრებში მხოლოდ გამოცდილ მცველს სერგეი იგნაშევიჩს უთამაშია – 72-ჯერ.

არშავინი ლონდონის არსენალში გატარებული სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ახლახან დაუბრუნდა მშობლიურ ზენიტს და რამდენიმე დღის წინ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ევრო 2008-ზე ანდრეი გუნდის ლიდერი იყო და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 7

დაცვა – 8

ნახევარდაცვა – 7

თავდასხმა – 7

ჯამი: 29


ჩეხეთი ფიფას რეიტინგი – 26

პირველი საერთაშორისო მატჩი: 23.02.1994 თურქეთი – 4:1
ყველაზე დიდი გამარჯვება: 04.06.2005 ანდორა – 8:1
ყველაზე დიდი მარცხი: 20.04.1994 შვეიცარიასთან და 10.08.2011 ნორვეგიასთან – 0:3
ყველაზე მეტი თამაში: კარელ პობორსკი – 118
ყველაზე მეტი გოლი: იან კოლერი – 55

ჩეხეთის ნაკრებს ევროპირველობა არ გამოუტოვებია: 1996 წელს ვიცეჩემპიონი გახდა, 2004 წელს ნახევარფინალში გავიდა, 2000 და 2008 წლებში კი ჯგუფში ჩარჩა.

ჩეხეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა უჭირს – უდიდეს ტურნირზე მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს იასპარეზა – თორემ ევროჩემპიონატები ჯერ არ ჩაუგდია.

მიხალ ბილეკის გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის თანამასპინძელ პოლონეთთან ერთად მოხვდა ჯგუფში, მეოთხედფინალში გასვლის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტია – არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.

ჩეხეთს 7 ოქტომბერს, ესპანეთთან 0:2 მარცხის შემდეგ აღარ წაუგია: სტუმრად სძლია ლიტვას, ორჯერ დაამარცხა მონტენეგრო, 29 თებერვალს კი ირლანდიაში ფრედ 1:1 ითამაშა.

ჯერჯერობით ნაკრებს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი – 26 მაისს, ავსტრიის ქალაქ გრაცში ისრაელთან.

მწვრთნელი: მიხალ ბილეკი

2002-2003 წლებში 47 წლის სპეციალისტი ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, შემდეგ ბლშანის ხმელში, პლზენის ვიკტორიაში, პრაღის სპარტასა და რუზომბეროკშიც იმუშავა, 2009 წელს კი ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.

თავის დროზე ბილეკი მარჯვენა ნახევარმცველი იყო, ითამაშა ჩეხოსლოვაკიის და ჩეხეთის ნაკრებებში, 1990 წელს კი, იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის ყველა, ხუთივე მატჩში იასპარეზა და 2 გოლიც გაიტანა.

2001-02 წლებში ბილეკი კოსტა რიკაში, კლუბ კარტახენას მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ვარსკვლავი პეტრ ჩეხი

ლონდონის ჩელსის მეკარე 29 წლისაა, თუმცა ნაკრებში უკვე მოასწრო 89-ჯერ თამაში. ეროვნულში ტიტული არ მოუგია, სამაგიეროდ, 2002 წელს ახალგაზრდათა ევროპირველობაზე იმარჯვა.

ჩეხი 2004 წლიდან ჩელსის ძირითადი მეკარეა: 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო ასოციაციის თასი, 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. 19 მაისს მისი კლუბი კიდევ ერთხელ ეცდება მთავარი საკლუბო ევროტიტულის მოგებას – მიუნხენში ბაიერნის წინა-აღმდეგ ფინალში ითამაშებს.

პეტრ ჩეხი 2005 წლიდან ჩეხე-თის საფეხბურთო ასოციაციამ 5-ჯერ, ჟურნალისტებმა კი 6-ჯერ დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ. 

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 10

დაცვა – 7

ნახევარდაცვა – 7

თავდასხმა – 7

ჯამი: 31

 

 

 

 

 

კომენტარები