უსინათლო ჩინელი აქტივისტის ისტორია გრძელდება

უსინათლო ჩინელმა აქტივისტმა ჩენ გუანჩენმა აშშ-ს კონგრესს ამ თვეში უკვე მეორედ მიმართა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ თხოვა, არ დაივიწყონ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებზეც ჩინეთის მთავრობა ზეწოლას ახდენს.

ჩენის თქმით, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრები და 10 მეგობარი სხვადასხვა მოტივით დააპატიმრეს, ცემეს ან დროებით დააკავეს. მათ შორისაა, ჩენის უფროსი ძმა და ბიძაშვილი, რომელიც ჯერ სასტიკად ცემეს, შემდეგ კი წინასწარგანზრახული მკვლელობის მუხლით, დააკავეს. ჩენის მტკიცებით, მისი ბიძაშვილი თავს იცავდა; ამ ინცინდენტის შემდეგ კი, არავინ იცის, სად არის ან რა ბედი ეწია მას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩენის ცოლისა და შვილებისთვის ფიზიკური შეურაცყოფა არ მიუყენებიათ, ისინი ამ დრომდე პეკინის ჰოსპიტალში შინაპატიმრობაში იმყოფებიან.  ბავშვები დღისით და საღამოს ოთხი საათით გაჰყავთ გარეთ ექთნის მეთვალყურეობით. ჰოსპიტალში შესვლა ყველას ეკრძალება, მათ შორის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსაც. ჩინეთის უცხოელ კორესპოდენტთა კლუბის ინფორმაციით, ჟურნალისტებს, რომლებიც ჰოსპიტალში ნებართვის გარეშე შევლენ, ვიზა შეუჩერდებათ.

ამ მოვლენების შესახებ ჩენ გუანჩენმა თავისი მეგობრის ბობ ფუს დახმარებით  აშშ-ს ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრებს ინფორმაცია თავად მიაწოდა. სხდომის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ქრის სმიტი იყო, რომელიც ჩენის საქმეზე განსაკუთრებით აქტიურობდა და ცდილობდა, სხვა ჩინელი აქტივისტებისთვის ხმა მიეწვდინა.

საყოველთაო ინტერესის ობიექტად ჩენი პირველად შვიდი წლის წინ იქცა, როცა ქალაქ ლინისში, აქტივისტებთან ერთად, ჩინეთის სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი” გააპროტესტა და სავალდებულო აბორტის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. მას შემდეგ, რაც უსინათლო აქტივისტმა ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალ Times-ს ინტერვიუ მისცა, ჩენსა და მის ოჯახს ჩინელმა სამართალდამცავებმა ერთი წლის განმავლობაში არაოფიციალური შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივი სამართალდამცავების მხრიდან რეპრესიები შემდგომშიც გაგრძელდა: 2006 წელს იგი ოთხი წლით ციხეში ჩასვეს, გათავისუფლებულს კი კვლავ შინაპატიმრობა მიესაჯა სოფელ დონშიგუში.

ამ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გეიტნერი პეკინში იმყოფებოდნენ ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე. ჩენს სურდა, კლინტონის დახმარებით დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა ფაქტია, რომ მისი მდგომარეობა ამერიკულმა მხარემ არ გაითვალისწინა.

აპრილში ჩენი ჩინეთის ხელისუფლების რეპრესიებს გაექცა და პეკინში ამერიკის საელჩოს 6 დღის მანძილზე აფარებდა თავს. მისივე მონაყოლის მიხედვით, საელჩოს დატოვება და საავადმყოფოში გადასვლა ამერიკელი დიპლომატების წაქეზებით გადაწყვიტა. ჩენს გარანტიები მისცეს, რომ ამერიკის საელჩო ჩინური პოლიციისგან დაიცავდა, თუმცა „მე მომატყუეს” – განუცხადა პრესას უსინათლო უფლებადამცველმა. 

კომენტარები