ოკუპირებული ტერიტორიები

ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს, ანზორ ბუტბას, ალხას ხუტაბას და რამზი ხაშიგს ბრალი წაუყენა.

Apsnypress - ის ინფორმაციით, აღნიშნული პირების ქმედებას „შეიარაღებულ დაჯგუფებასთნ ერთად თავდასხმის ორგანიზების“ კვალიფიკაცია მიენიჭა. მათ ბრალი ედებათ სახელმწიფო მოხელის - ალექსანდრ ანქვაბის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში, სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის მიერ სახელმწიფო საქმიანობაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცველების სიცოცხლის ხელყოფასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში.

გამოცემის ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება ამავე საქმეზე დაკავებული პირებისთვის, ედლარ და ედგარ ჭითანავებისთვის, თამაზ ბარციცისა და მურთაზ საკანიასთვის ბრალის წაყენება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმა 2012 წლის 22 თებერვალს სოხუმი-გუდაუთის გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ანქვაბის დაცვის ორი წევრი გარდაიცვალა.

თავდასხმაში ეჭვმიტანილმა თემურ ხუტაბამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო. სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა - ყოფილმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა.

 

კომენტარები