კონტროლის პალატა

კონტროლის პალატა მენეჯმენტ სერვისის დაჯარიმების შესახებ

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნილია შპს მენეჯმენტ სერვისის დაჯარიმების მიზეზები. კომპანია, რომელიც კოალიცია ქართულ ოცნებას მომსახურებას უწევდა, კონტროლის პალატამ უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში დაადანაშაულა და 5 მილიონამდე ლარის ოდენობით დააჯარიმა.

,,კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგის სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების და მის კოალიციაში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, განხორციელებულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა. საქართველოს კონტროლის პალატაში წარდგენილი საფინანსო დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ დეკლარირებული საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები. ‘’-ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

განცხადებიდან ირკვევა, რომ საოფისე ფართების დაქირავებასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს მენეჯმენტ სერვისი ახორციელებდა, რომელიც თავისმხრივ უშუალო პროცედურების შერსულებას შპს ბურჯს უკვეთავდა. ხსენებული კომპანიების დამფუძნებელი, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა და მათი წარმომადგენელი საქართველოში ფიზიკური პირი კახა კობიაშილია.

,,ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე, რომელიც ამავდროულად არის მოძრაობა ქართული ოცნების წევრი და მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან, მათ შორის, კონტროლის პალატასთან ურთიერთობაში. აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი, რომელიც ამავე დროს არის მოძრაობა ქართული ოცნების ბუღალტერი, ხელს აწერს კონტროლის პალატაში წარსადგენ ფინანსურ დოკუმენტაციებს, რომელიც იგზავნება ნოე ქინქლაძის სახელით. ამდენად შპს მენეჯმენტ სერვისის და შპს ბურჯის ხელმძღვანელები და ფინანსური საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირებიც კი, ამავდროულად, დასაქმებულები არიან მოძრაობა ქართულ ოცნებაში და აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან. ‘’-განმარტავს კონტროლის პალატა.

კონტროლის პალატის ცნობით, ბიზნეს გარიგებები, რომლებსაც შპს მენეჯმენტ სერვისი აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებთან აწარმოებდა, არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს. უწყების გაანგარიშებით, ოფისების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხა, აღემატებოდა მოგებას, რომელიც კომპანიას ქართული ოცნებისთვის ოფისების გაქირავებით უნდა მიეღო. ფართების სარემონტო სამუშაოებზე მენეჯმენტ სერვისმა ჯამში 476 ათასი ლარის ხარჯი გასწია, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად შეაფასა.

კონტროლის პალატის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება მომსახურება გაუწიოს სუბიექტებს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლის მიზნით.

კონტროლის პალატის გადაწყვეტილება შპს. მენეჯმენტ სერვისის და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

,,ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზენსში უხეში ჩარევა. ჩემი კომპანია გაკოტრების პირასაა, რადგან კონტროლის პალატის მიერ დაწესებული ჯარიმა ჩემს მფლობელობაში არსებულ აქტივებს აღემატება.’’-განაცხადა მენეჯმენტ სერვისის დირექტორმა ბესიკ დემეტრაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

მენეჯმენტ სერვისის უფლებადამცველის, ეკა ბესელიას თქმით კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა კანონდარღვევით იმოქმედეს.

,,გაკოტრებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმ ოფისების დახურვა, რომელშიც არის განთავსებული კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკური პარტიები. ეს კი საბოლოოდ ამომრჩეველს დააზარალებს.’’-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები