კონტროლის პალატა

კონტროლის პალატა ქართული ოცნების მომსახურე ორი კომპანიის მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს კონტროლის პალატა კოალიცია "ქართული ოცნების" მომსახურე ორი კომპანიის - შპს "ბურჯის" და შპს "ელიტა ბურჯის" მონიტორინგს ახორციელებს.

კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახორციელებს ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების - შპს "ბურჯის" და შპს "ელიტა ბურჯის" მიერ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მიმდინარე ავტოსატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების მონიტორინგს.

”აღნიშნული საკითხის შესწავლა განპირობებულია პოლიტიკური სუბიექტის საფინანსო დეკლარაციაში ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული აუდიტორული რისკებით". - ნათქვამია განცხადებაში.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიებმა 214 ერთეული, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ოდენობის სატრანსპორტო საშუალებები (ტოიოტა ჰაი ლუქსის, ჰიუნდაის, მერსედეს ბენცის მარკის ავტობუსების და ა.შ.) შეისყიდა, რომლებიც „ქართული ოცნებას" ემსახურებიან.

კონტროლის პალატაში განმარტავენ, რომ მონიტორინგის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ღონისძიებები, მათ შორის, ცალკეულ პირთა გამოკითხვა განხორციელდება.

 

კომენტარები