კონტროლის პალატა

ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის მოტივადაც კახეთში მომხდარი სტიქია დაასახელა.

მისი თქმით, დღეს ხალხს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისში კონკრეტული მაღალი თანამდებობა და ჩემი მომავალი საქმიანობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, დავუკავშირო ჩემს გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვას" - განაცხადა ბეჟაშვილმა 23 ივნისს აუდიტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან არ დააკონკრეტა, რა არის მისი სამომავლო პოლიტიკური გეგმები და აპირებს თუ არა კახეთის რომელიმე რაიონში მაჟორიტარად კენჭის ყრას.

ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (ყოფილი კონტროლის პალატა) 2008 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი ხუთი თვის განმავლობაში პრეზიდენტის რწმუნებული იყო კახეთში.

ბეჟაშვილის უფლებამოსილება აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ერთ წელიწადში იწურებოდა. მისი გადაწყვეტილება პარლამენტს დღეს გადაეგზავნება. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას.

 

კომენტარები