საკონსტიტუციო ცვლილებები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანომ 109 ხმით ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას 104/4-ე მუხლი ემატება. ამ მუხლში ნათქვამია, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ასევე ენიჭებათ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ამ პროექტის განხილვა პარლამენტმა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით დაიწყო, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გზით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.

დღეს მეორე მოსმენით მიღებული პროექტი კიდევ ერთ ცვლილებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, მომავალ კვირაში განიხილება.

 

კომენტარები