საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს იწყებს. 

პრეზიდენტის პრესსპიკერის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა ნიუ იორკს, ლოს ანჟელესსა და ჩიკაგოს.

,,20-21 მაისს იგი მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის მუშაობაში. ამას გარდა, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან; ასევე დაგეგმილია რამდენიმე საჯარო გამოსვლა, მათ შორის წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში.’’-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ.

ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის შეხვედრების ფორმატი უკვე განსაზღვრულია და მის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებს კონკრეტული სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ალიანსი ორი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს ძირითად პარტნიორებთან, მომავალ წევრებთან და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან.

ძირითადი პარტნიორების სტატუსის მქონე ქვეყნების შეხვედრაზე, საქართველო ერთადერთი მონაწილე იქნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. მომავალ წევრებთან შეხვედრაზე საქართველო ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან (ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, მაკედონია) ერთად იქნება წარმოდგენილი. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოების შეხვედრაზეც.

ჩიკაგოს სამიტის მუშაობის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშილი ლოს-ანჟელესსა და ნიუ იორკში პოლიტიკურ შეხვედრებსა და საჯარო გამოსვლებს გამართავს. 

კომენტარები