საქართველო-ნატოს ურთიერთობა

რასმუსენი: საქართველო სამიტზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტზე ორგანიზაციის გაფართოვება არ იგეგმება, მაგრამ NATO აღიარებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ უკანაკნელ წლებში მიაღწია. რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საქართველოს კონტრიბუციას  ავღანეთის ოპერაციაში.

რასმუსენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩიკაგოს სამიტზე. პირველ რიგში, ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის ოპერაციის საკითხზე ალიანსის შეხვედრაში, ასევე -   NATO-ს 13 პარტნიორი ქვეყნის შეხვედრაში.  რასმუსენის განცხადების საქართველო ამ პარტნიორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო ასევე ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების შეხვედრაში  მიიღებს მონაწილეობას.

ინტერვიუში რასმუსენმა ასევე ისაუბრა  NATO-რუსეთის ურთიერთობაზე და მწუხარება გამოთქვა რუსეთის აგრესიული რიტორიკის გამო. მისი თქმით,   რუსეთის მუქარა  NATO-სკენ შემტევი იარაღის მიმართვის თაობაზე არ შეესაბამება ლისაბონის შეთანხმებას  NATO-სა და რუსეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობის განვითარების თაობაზე.

 

კომენტარები