საქართველოს საპატრიარქო

ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე საპატრიარქოს განცხადებას მხარი არ დაუჭირეს

"გერმანულ სახლში" გამართულ ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის ხელშეკრულების პროექტი განიხილეს, რომელიც ოშკისა და იშხანის ტაძრების აღდგენის ნაცვლად, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას, ახალციხეში კი ახმედის კომპლექსის რესტავრაციას ითვალისწინებს.

სხდომაზე საპატრიარქოს წარმომადგენელმა თეა გოგოტიშვილმა წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც საპატრიარქო მოითხოვს, რომ საჯარო გახდეს ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ და უზრუნველყოფილი იყოს მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობა.

ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე აღნიშნულ განცხადებას სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, შეიხმა ვაგიკ აკბეროვმა კი პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. აკბეროვი გოგოტიშვილის განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც აზიზიეს მეჩეთს ეხებოდა. კერძოდ, საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზიზიე ქრისტიანებს ხოცავდა და მისი მეჩეთის საქართველოში აღდგენა იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა.

ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების გარდა ესწრებოდნენ - სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, რომის კათოლიკე ეკლესიის, ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, ხსნის არმიის, მეშვიდე დღეს ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, მუსლიმური თემის და 50-იანელთა ეკლესიის წარმომადგენლები.

 

კომენტარები