არქივი

საშობაო წერილი

ილია ჭავჭავაძე – მწერალი, პოეტი, „საზოგადო მოღვაწე”, ბანკირი, პოლიტიკოსი, განმანათლებელი, რეფორმატორი – ამ ადამიანის შესახებ თითოეულ ეპითეტს ხშირად გაიგებთ. ჩემი აზრით, ილია პირველ რიგში დიდი ქრისტიანი იყო, ფართო გაგებისა და ღირებულებების. მისი თითოეული მოსაზრება გაჟღენთილია დიდი ჰუმანურობით, სიყვარულითა და პატივისცემით ადამიანის სინდისისა და უფლებებისადმი.

დეკანოზი ირაკლი ელიაშვილი

 „ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე, გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველწლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარისათვის. ამ დღით დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მხსნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშისმცემელი უძლუროსა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. „ვით მამა ზეცის იყავ შენც სრულიო”, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არის აღსლვად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!.. იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლია ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მინამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდგ ყოველწლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს”.

ილია ჭავჭავაძე

ტფილისი, 4 აპრილი

 


 

კომენტარები