9 მაისი

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავენ

დღეს ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილი საზოგადოება ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს ზეიმობს.

შეკრებილი მოქალაქეები მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვაკის პარკში მყოფ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო თარიღს ულოცავენ. ღონისძიებაზე იმყოფება სამხედრო ორკესტრი, რომელიც ცნობილ სამხედრო მარშებს ასრულებს.

ომის ვეტერანების დღევანდელი დღე თბილისის მერიიდანაც მიულოცეს. მერიის წარმომადგენლები ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ  და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

,,მერიის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ომის ვეტერანებს, მივულოცო გამარჯვების 67-ე წლისთავი, ქედი მოვიხარო დაღუპულების წინაშე, ცოცხლებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო.’’-განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძემ.

დღესვე პარლამენტში ვეტერანების საზეიმო მიღება გაიმართება.

1945 წლის 8 მაისს ფაშისტურმა გერმანიამ საყოველთაო კაპიტულაცია გამოაცხადა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8-9 მაისს აღინიშნება. 

კომენტარები