ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ბოლო 10 წელი საქართველოში არ მიცხოვრია

ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მას ბოლო 10 წელი საქართველოში არ უცხოვრია.

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, ის 2004 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და გადასახადებს მუდმივად 2005 წლიდან იხდის.   

გუშინ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ახალი 104/4 მუხლი ემატება:

"2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.”

ივანიშვილის განცხადებას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ  პარლამენტის მიერ პირველი  მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ვარიანტით ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას მაინც ვერ მიიღებს, მმართველი უმრავლესობა მზადაა, პროექტის მეორე მოსმენით მიღებისას ის იმგვარად შეცვალოს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა საარჩევნო პროცესში ჩართვა შეძლოს.

"ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს, მაგრამ თუკი ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს და თვლიან, რომ საკითხს დაზუსტება სჭირდება, საკონსტიტიციო პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას კიდევ უფრო დავაზუსტებთ და 2005 წელს ჩავწერთ." - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კომენტარები