ირანი

ბირთვული დიპლომატია

წელიწადზე მეტი ხნის შექმნილი ჩიხის შემდეგ, ბირთვული პროგრამის საკითხზე ირანთან პირველი მოლაპარაკებები გაიმართა. სტამბოლში გამართულ შეხვედრებზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები „5+1” ფორმატით (გაეროს ხუთი მუდმივი წევრი + გერმანია) იყვნენ წარმოდგენილი. მხარეებმა კონკრეტული განცხადებებისგან თავი შეიკავეს და 23 მაისს, ბაღდადში, მოლაპარაკებათა ახალ რაუნდზე შეთანხმდნენ.

ბირთვულ დიპლომატიას არაერთგვაროვანი შეფასება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასთვის ის პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის „უკანასკნელი შანსია”, როდესაც მისი ებრაელი კოლეგა ბინიამინ ნეთანიაჰუ, მოლაპარაკებებს ირანისთვის მირთმეულ „საჩუქარს” უწოდებს.

დასავლეთის დელეგაციის ხელმძღვანელის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის თქმით, უმთავრესი მიზანი ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე ირანის დარწმუნება და ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) ვალდებულებებზე დაყოლიებაა. მოლაპარაკების პროცესი თანაზიარობის საფუძველზე რეალურ ქმედებებს და ნდობის აღმდგენ საშუალებებს ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ირანს თავის პროგრამაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობას ავალებს. ამავე დროს, ის ურანის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამდიდრებაზე ირანის უფლებას აღიარებს.

NPT-ზე დაფუძნებული დიპლომატიური გადაწყვეტა ისრაელისთვის მიუღებელია. ამით ექვსი სახელმწიფო უარს ამბობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციათა შესრულებაზე, რაც ირანისგან გამდიდრების შეწყვეტას და არაკის მძიმე წყლის რეაქტორის მშენებლობას მოითხოვს. ამ საკითხზე ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება მერყევია. თავდაპირველად, მან ბუშის ადმინისტრაციის ნულოვანი გამდიდრების პოზიცია მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა უკანასკნელ ხანებში NPT-ის ფარგლებში მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ირანის უფლებას მაინც ადასტურებს.

LA Times-ის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები პირად საუბრებში გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ირანს 5%-მდე გაწმენდილი ურანის გამდიდრების ნება დართონ. ეს სამოქალაქო გამოყენებისთვის ზედა ზღვარია. ამ შემთხვევაში, ირანის ხელისუფლება

შეუზღუდავ ინსპექციებს, მკაცრ ზედამხედველობას და გაეროს მიერ დიდი ხნის განმავლობაში მოთხოვნილ არაერთ გარანტიას უნდა დათანხმდეს. ამგვარი პოზიცია ისრაელის ლიდერების და კონგრესის წევრთა უმრავლესობის მხრიდან საგრძნობ წინააღმდეგობას წააწყდება.

დასავლელი დიპლომატებისთვის სასწრაფო პრიორიტეტი ურანის 20%-ზე გამდიდრების შეჩერებას და მარაგის ექსპორტირებას ენიჭება. ამგვარი შეთანხმება არ აგვარებს ბირთვულ პრობლემას, თუმცა დიპლომატიური მოგვარებისთვის საჭირო პროცესს მეტ დროს აძლევს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალი აკბარ სალეჰის თქმით, დათმობის სანაცვლოდ ქვეყანა სანქციების შემსუბუქებას იმედოვნებს. ამას კი დასავლეთი არ განიხილავს და პირველ ნაბიჯს ირანისგან მოელის. გარდა ამისა, New York Times-ში დაიწერა, რომ ობამას ადმინისტრაცია მოლაპარაკებათა ახალ რაუნდზე ფორდოს ატომური რეაქტორის დახურვას მოითხოვს, რაც ირანის მხრიდან დამამცირებელი და ნაკლებად სავარაუდო იქნება. ბირთვულ დიპლომატიას ის ართულებს, რომ დათმობას, შიდაპოლიტიკური ზეწოლის გათვალისწინებით, თითოეული მხარე სისუსტის ნიშნად მიიჩნევს.

ბოლო პერიოდში ირანის დამოკიდებულება შედარებით შერბილდა. უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ მეორეჯერ გაიმეორა ფატვა ბირთვული იარაღების მოპოვების აკრძალვის შესახებ. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა და გავლენიანმა პოლიტიკოსმა, ალი ჰაშემი რაფსანჯანიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის არარსებობა ირანული პოლიტიკის ნაწილია. The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საგარეო საქმეთა მინისტრმა სალეჰიმ მხარეებს შორის „ნდობისა და რწმენის აღდგენის” აუცილებლობაზე ისაუბრა. შესაძლოა, ამით ირანის პირველი პირები ცდილობენ, რომ ბირთვულ პროგრამაზე სავარაუდო შეთანხმების გამო შიდაპოლიტიკური ბაზა შექმნან.

ირანის პოზიციაზე გავლენა, სავარაუდოდ, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების დამსახურებაა. სანქციების დაწესების შემდეგ ირანულმა ვალუტამ, რიალმა, თავისი ღირებულების 40% დაკარგა, ხოლო ფინანსური ტრანსაქციები გაცილებით რთული და ძვირადღირებული გახდა. ქვეყნის ხელმძღვანელობა დანაწევრებულია და აიათოლას უმთავრეს დასაყრდენში, რევოლუციის დამცველთა არმიაში უკმაყოფილება მატულობს. გარდა ამისა, ირანის რეგიონული პოზიციები საგრძნობლად შერყეულია სირიაში მიმდინარე კრიზისის ფონზე.

ბირთვული დიპლომატიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილნი წარსულის გამოცდილებაზე მიუთითებენ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს

ნამდვილად არ იძლევა. მათი თქმით, ირანელი ლიდერები მოლაპარაკებებს დროის მოსაგებად იყენებენ და ამის ფონზე, სტაბილურად ავითარებენ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობებს. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამუდმებით იმეორებს, რომ ქვეყანა ურანის გამდიდრებას არ შეწყვეტს და ფინანსურ სიძნელეებს რამდენიმე წელიწადს გაუმკლავდება. ბინიამინ ნეთანიაჰუს აზრით კი, სტამბოლის მოლაპარაკებები, ახალ რაუნდამდე, ირანს ურანის გასამდიდრებლად კიდევ ხუთ კვირას აძლევს. თავად ისრაელი, რომლისთვისაც ირანის ბირთვული პროგრამა დამოკლეს მახვილია, მოლაპარაკებებში ჩართული არაა.

ირანის რეჟიმმა, შესაძლებელია, ტრადიციულად იცრუოს და ატომური საწარმოს ბუნკერებში ფარულად გააგრძელოს ცენტრიფუგების დახვეწა, რაც გაეროს ინსპექტორების მუშაობას მნიშვნელობას უკარგავს.

ზემოხსენებულ ექვს სახელმწიფოს შორის არ არსებობს ერთიანი პოზიცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიბკოვის განცხადებით, მათ ირანისთვის რეალურ შეთავაზებაზე ერთიანი ხედვა არ აქვთ. რუს და ჩინელ დიპლომატთა შეხედულებები, დანარჩენებისგან განსხვავებით, რამდენიმე ძირითად საკითხში (მათ შორის, სანქციებში) ერთიანია. მათი აზრით, ეკონომიკურ ზეწოლას შედეგი არ მოჰყოლია და ირანის მხრიდან დათმობის შემთხვევაში სანქციები სწრაფად უნდა მოიხსნას. ამგვარი გაურკვევლობა ირანს უპირატესობას აძლევს და ბირთვული დიპლომატიის წარმატებას საეჭვოს ხდის.

ობამას კრიტიკოსები ეჭვობენ, რომ მისი მიზანი ისეთი შეთანხმების მიღწევაა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კრიზისის თავიდან აცილებასა და ნავთობზე ფასების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. რესპუბლიკური პარტიის უმთავრესი კანდიდატი მიტ რომნი, გამარჯვების შემთხვევაში, დიპლომატიის პარალელურად სამხედრო სფეროში მეტ ჩართულობას აპირებს. The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში, ის თავის გეგმად ასახელებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვასა და სპარსეთის ყურეში ავიამზიდების რაოდენობის გაზრდას. ამასთან, რომნი ისრაელის მიმართ სამხედრო დახმარების მატებას და რეგიონში ამერიკის მოკავშირეებთან გაუმჯობესებულ კოორდინაციას აპირებს.

 

კომენტარები