აშშ-ჩინეთი

რომნი უსინათლო დისიდენტის საქმეს გამოეხმაურა

მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მით რომნი ჩინელი დისიდენტის, ჩენ გუანჩენის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის დამოკიდებულება უსინათლო დისიდენტისადმი სამარცხვინოა. რომნიმ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გუანჩენმა პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ პეკინში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა იგი აიძულეს, უწყება დაეტოვებინა.

”თუ ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება, ამერიკისთვის ცუდი დრო დამდგარა. ეს დიდი სირცხვილია ობამას ადმინისტრაციისათვის.” - განაცხადა მოქმედი პირველი პირის სავარაუდო კონკურენტმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსინათლო დისიდენტმა, რომელიც თავს პეკინში ამერიკის საელჩოს აფარებდა, უწყება ჩინეთის მთავრობის მხრიდან მუქარის გამო დატოვა. გუანჩენის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მუქარა მას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გადასცეს.

უსინათლო დისიდენტი აპრილის ბოლოს ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან შინაპატიმრობიდან გაიქცა. იგი ექვსი დღის განმავლობაში პეკინში ამერიკის საელჩოში იმალებოდა.

 

კომენტარები