აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში უცხოური კინოპროდუქციის ჩვენება აიკრძალა

აზერბაიჯანში პირველი მაისიდან ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ქვეყნის ნაცნიონალურ არხებს უცხოური ტელესერიალებისა და მხატვრული ფილმების ჩვენებას უკრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება რადიოსა და ტელევიზიის ნაციონალურმა საბჭომ მიიღო.

ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელი ნუშირვან მაგერმალი ახცადებს, რომ კანონი ახალგაზრდების მორალური აღზრდისკენ არის მიმართული და ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მისი თქმით, საზღვარგარეთული ფილმები ხშირად აზერბაიჯანულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგება და ახალგაზრდებში ნაციონალური თვითშეგნების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.

აზერბაიჯანის მაუწყებელთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ალესკერ მამედელი აცხადებს, რომ ახალი კანონი მაუწყებელთა უფლებებს არღვევს და ტელემაყურებელთა არჩევანს ზღუდავს.

ახალი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან, კანონის დამრღვევი ტელეარხები გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორების შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია დაეკისრებათ. იმ შემთხვევაში თუ ტელეკომპანია მაინც განაგრძობს უცხოური კინოპროდუქციის ჩვენებას, მას ლიცენზია ჩამოერთმევა.

საზღვარგარეთული ტელესერიალებისა და მხატვრული ფილმების ყურება, აზერბაიჯანელ მოქალაქეებს საკაბელო ტელევიზიის საშუალებით მიეცემათ, რისთვისაც დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევთ.

კომენტარები