სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის მიმართვა საქართველოს კონტროლის პალატას

საქართველოს სახალხო დამცველმა კონტროლის პალატას მიმართვა გაუგზავნა, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტებების  ჩატარების პროცესის თაობაზე. კონტროლის პალატის  პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მარტში რამდენიმე ასეულ მოქალაქეს ახსნა-განმარტებები ჩამოართვა, ქართული ოცნების საქმიანობის კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ფაქტების შესწავლისას დაფიქსირდა არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი, რომელთა ნაწილი განპირობებულია საკანონმდებლო ბაზის არასისტემატიზირებულობით, ხოლო ნაწილი უშუალოდ მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევით. 
    
სახალხო დამცველის მიერ კონტროლის პალატას მიეცა სისტემური რეკომენდაციები, რომელთაც პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად. ასევე კონტროლის პალატას სახალხო დამცველმა მიმართა წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური წარმოება იმ მოხელეთა მიმართ, რომელთა ქმედებებმაც კონკრეტულ შემთხვევებში უკვე ხელყო მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები. 

"მოწმეების და მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებულად მტკივნეულად იქნა აღქმული ადმინისტრაციულ შენობებში შესვლის შემდგომ დაცვის პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით ჩატარებული დეტალური შემოწმება (არ იგულისხმება შემოწმება დეტექტორით), რომლის დროსაც თითოეული მოქალაქე ექვემდებარებოდა როგორც დეტექტორით, ისე ხელით შემოწმებას, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდას, პირადი ნივთების ჩამორთმევას, რაც ცალსახად სცდება ადმინისტრაციულ შენობებში შესაბამისი ფუნქციის შესასრულებლად დაქირავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილებებს.''- ნათქვამია კონტროლის პალატის თავმჯდომარისდამი სახალხო დამცევლის მიმართვაში.

სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მიმართა რეკომენდაციით: მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა ქცევის კონტროლს, რათა აღარ განმეორდეს  ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ პირთა უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა, ასევე დაისვას იმ პასუხისმგებელ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედიოდა შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში ახსნა-განმარტების მიცემის პროცესში მოწმეთა უფლებების დაცვა.

საკითხთა შესწავლის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პროცესის საჯაროობასა და მედია საშუალებებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს. სახალხო დამცველის სარეკომენდაციო მიმართვაში აღინიშნა: „მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენს მიერ ვერ დადგინდა ჟურნალისტებისათვის მოწმეთა ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესზე დასწრების საშუალების არ მიცემის გამო მათი უფლებების დარღვევის ფაქტი, მიგვაჩნია რომ ის ფორმა, რა სახითაც კომუნიკაცია ხდებოდა ჟურნალისტებთან არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც საუკეთესო პრაქტიკა.“

სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე გაითვალისწინებს მის რეკომენდაციებს და გატარებული ღონისძიებების თაობაზე აცნობებს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში.

 

კომენტარები