ძიუდო

ძიუდო: საქართველო ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ჩვენმა გუნდმა კონტინენტის უძლიერესი ნაკრების სახელი მესამედ მოიპოვა!

ევროპის ჩემპიონატში 8 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. ქართველთა ხუთეულმა პირველ წრეში თურქეთის ნაკრების გაანადგურა 5:0 - ლაშა შავდათუაშვილმა (66კგ), ზებედა რეხვიაშვილმა (73), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81), ზურაბ ზვიადაურმა (90) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+90) თავიანთი პაექრობები ბრწყინვალე სტილში მოიგეს.

ნახევარფინალში პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა, თუმცა სხვა შემადგენლობით: რეხვიაშვილი ნუგზარ ტატალაშვილმა შეცვალა, ზვიადაური - ვარლამ ლიპარტელიანმა, ხანჯალიაშვილი კი ადამ ოქრუაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა 3:2 გაიმარჯვა: ტატალაშვილმა, ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა იმარჯვეს, ხოლო ჭრიკიშვილი და შავდათუაშვილი დამარცხდნენ.

ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ტურნირის მასპინძელი რუსეთის ნაკრები იყო.

ჯერ რუსები დაწინაურდნენ: მოგუშკოვმა შავდათუაშვილის შემცვლელ შალვა ქარდავას სძლია, თუმცა ნუგზარ ტატალაშვილმა კაიტმაზოვი იპონით დაამარცხა და ანგარიში 1:1 გახდა.

მომდევნო ჭიდილში ჩვენი გუნდი დაწინაურდა: ავთანდილ ჭრიკიშვილმა შმახოვს სძლია, შემდეგ კი ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა, რომელმაც ერთი დღით ადრე ევროპის ჩემპიონის ტიტული 90-კილოგრამიანთა შორის მოიპოვა. ლიპარტელიანმა ამჯერადაც იმარჯვა - ვოპროსოვს სძლია და საქართველოც ევროპის ჩემპიონი გახდა!

კომენტარები