ოკუპირებული აფხაზეთი

EUMM-ის ხელმძღვანელი აფხაზეთში არასასურველ პირად გამოცხადდა

როგორც სოხუმიდან სააგენტო ”აფსნი-პრესი” იტყობინება, აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში გამოხატეს ”უკიდურესი განცვიფრება” საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანდჟეი ტიშკევიჩის ”კონფრონტაციული” პოზიციის გამო.

”დაუშვებლად მიგვაჩნია მისიის ხელმძღვანელის უარი სასაზღვრო ზონაში განსაკუთრებით მძიმე ინციდენტების, მათ შორის მკვლელობების და აფხაზეთის მხარის დაშანტაჟების ფაქტების აღნიშვნაზე. ბატონი ტიშკევიჩი ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას ახდენს და აყენებს არასამართლებრივ მოთხოვნას- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას.”- ნათქვამია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მისია ტიშკევიჩის მეთაურობით ”არ არის განწყობილი საიმისოდ რომ განახორციელოს მიუმხრობელი მონიტორინგი და მისცეს ობიექტური შეფასება პროცესებს, რომლებიც ემუქრება უსაფრთხოების უზრუნველყოფას.”

სოხუმში ტიშკევიჩის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებშია ისიც, რომ მან ”უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის პროცესი.” შეგახსენებთ სამეგრელოში ”არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების” შექმნაში საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაადანაშაულა. 

ამასთან, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ახასიათებს აფხაზებისადმი ”უპატივცემულობის გამომხატველი გამოხტომები” და აქედან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება ის გამოცხადდეს ”არასასურველ პირად ” აფხაზეთის ტერიტორიაზე.

პოლონელი დიპლომატი ანდჟეი ტიშკევიჩი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2011 წლის ზაფხულში დაინიშნა. მაშინ მან შეცვალა ელჩი ჰაბერი.

ანდჟეი ტიშკევიჩი არის გენერალ ლეიტენანტი (გადამდგარი). ადრე ის მსახურობდა ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილის მრავალეროვანი დივიზიის სარდლად ერაყში. იყო პოლონეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე და პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩიც ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოში  200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი აკვირდებიან თუ რამდენად ასრულებენ მხარეები საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებას.  

მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელს ტერიტორიას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს,  თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  სეპარატისტული  ხელისუფლებები უარს ამბობ უზრუნველყონ  მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლების შესვლა.

 

.

 

კომენტარები