ბიზნესგარემო

IFC - საქართველოში მეწარმეთა უმეტესობისთვის ბიზნესის გარემო მიმზიდველია

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ქართულ ბიზნეს სფეროში ბოლო ხანს განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით მეწარმეთა დამოკიდებულებაზე კვლევა ჩაატარა. საქართველოს მეწარმეთა უმეტესი ნაწილი ქვეყანაში შექმნილ ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. კვლევის დროს გამოიკითხა 1 000-ზე მეტი მეწარმე. გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ ბიზნეს გარემო მეტნაკლებად ან საკმაოდ მიმზიდველია, მხოლოდ 0,11%-მა ახსენა კორუფცია, როგორც პრობლემა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და მხოლოდ 6%-ს სმენია სამთავრობო ორგანოებში კორუფციის შესახებ.

IFC-ის კვლევის თანახმად, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით, მსხვილ საწარმოებს ბიზნესის ზრდის უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე მცირე საწარმოებს. კერძოდ, მსხვილ საწარმოთა ნახევარზე მეტი, ხოლო მცირე საწარმოების მხოლოდ 17% გაფართოვდა. მცირე საწარმოების 43%-ში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალი საბაზრო მოთხოვნა სახელდება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევამ ასევე გამოავლინა ის პრობლემები, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან - ფინანსებზე მიუწვდომლობა, ჯარიმები, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და კომუნალური ხარჯები. მცირე ბიზნესისთვის ერთ-ერთ სერიოზულ საკითხად და ტვირთად კვალავაც რჩება საგადასახადო შემოწმებ. "ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან იმისთვის, რომ ეს საკითხი შეიცვალოს. ჩვენი რჩევა ყოველთვის იყო, რომ საგადასახადო შემოწმება ყოფილიყო აქცენტირებული უფრო რისკის მატარებელ კომპანიებსა და ორგანიზაციებზე, რაც უფრო მსხვილ ბიზნესს ეხება და არა მცირე ბიზნესს”, განაცხადა IFC-ის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროგრამების მენეჯერმა ლიზა კესნერმა.

 

კომენტარები