საქართველო-აშშ

ვაშაძე კლინტონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. როგორც ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხარეებმა NATO-ს მომავალ ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ შორის სამიტის დეკლარაციის პროქტი, რომელშიც საქართველოს საკითხიც უნდა აისახოს.

ვაშაძის განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის „აზრების სრული თანხვედრაა“ როგორ ჩიკაგოს სამიტისთვის მზადების, ასევე „საქართველოს და მისი მოკავშირეებს მიერ განსახორციელებელი გეგმისა და ნაბიჯების“ საკითხებში.

როგორც, თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ აღნიშნა, ჩიკაგოს სამიტზე „საქართველო არ იქნება განხეთქილების ვაშლი“ და ალიანსის წევრები თავის პოზიციას ამ საკითხზე კონსენსუსის პრინციპით ჩამოაყალიბებენ.

ქართული დელეგაცია ბრიუსელში NATO -ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება, რომლის მთავარი მიზანი 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ალიანსის სამიტის მომზადებაა. ხვალ ბრიუსელის მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს მართავს.

 

კომენტარები