სირია

ანანის გეგმა ასადისთვის

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას დაეთანხმა. გაეროს და არაბული ლიგის საერთო ემისრის გეგმა ითვალისწინებს 10 აპრილამდე დაკავებული ქალაქებიდან რეჟიმის ძალების უკან დახევას და ცეცხლის შეწყვეტას. ასადის მთავრობამ ახალი პირობებიც წამოაყენა, რაც ამბოხებულმა მხარემ არ მიიღო. სირიის მოკავშირეების, გაეროსა და არაბული ლიგის მხარდაჭერილი ერთადერთი ინიციატივა ჩაშლის პირას აღმოჩნდა. ამასობაში კი 13-თვიანი სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება და დაღუპულთა რიცხვი ათი ათასს უახლოვდება.

გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ექვსპუნქტიანი გეგმა სირიის კრიზისის მოსაგვარებლად „პოლიტიკური პროცესის” გამართვას, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, პოლიტპატიმართა სწრაფ გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას, ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას და თავშეყრის მეტ თავისუფლებას მოითხოვს. გეგმაზე დათანხმების მიუხედავად, 1 აპრილიდან ძალადობა არ შეწყვეტილა და აქტივისტთა მონაცემებით, დაახლოებით 360 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, სირიელ დევნილთა რიცხვი გაორმაგდა თურქეთში. კოფი ანანმა სირიის ოფიციალურ პირთა მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო შეშფოთება გამოხატა.

ასადის მთავრობის მოულოდნელმა განცხადებამ სამშვიდობო გეგმის რეალიზება საფრთხეში ჩააგდო. რეჟიმი ოპონენტებისგან ბრძოლის შეწყვეტის შესახებ „დაწერილ გარანტიებს” მოითხოვს მანამ, სანამ სამთავრობო ძალები გეგმით გათვალისწინებული ადგილებიდან უკან დაიხევენ. მოწოდება ამბოხებულებმა მალევე უარყვეს. ასადის მოთხოვნა დაემთხვა ბენედიქტე XVI-ის სააღდგომო მესას, რომელშიც მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. რეჟიმის პასუხი ადასტურებს, რომ ის უფრო აჯანყებულთა კაპიტულაციას ესწრაფვის, ვიდრე მოლაპარაკებების წინაპირობად დათქმულ დაზავებას. სირიელი და უცხოელი ანალიტიკოსების მტკიცებით, ასადს გეგმის განხორციელება არ შეუძლია.

პირველ აპრილს სტამბოლში ოთხმოცამდე სახელმწიფოსგან შემდგარი „სირიის მეგობართა” კონფერენცია გაიმართა, სადაც, თურქეთისა და ყატარის მცდელობით, ემიგრაციაში მყოფი სირიის ეროვნული საბჭო (SNC) ამბოხებულთა ერთადერთ ლეგიტიმურ მხარედ გამოცხადდა. დასავლურ სახელმწიფოებში ეჭვობენ, რომ აღნიშნული საბჭო სირიაში საკმარისი გავლენის მქონე სანდო ალტერნატივას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, დასავლეთი ჯერ ყოყმანობს, რომ მხარი დაუჭიროს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მოწოდებას მეამბოხეთა შეიარაღების შესახებ, რასაც შემდგომი ესკალაცია და, სავარაუდოდ, სამოქალაქო ომი მოჰყვება. კონფერენციაზე არაბული სახელმწიფოები ამბოხებულებისთვის რამდენიმე მილიონის ყოველთვიურად გამოყოფაზე მორიგდნენ. აჯანყებულებისთვის ეს პირველი საერთაშორისო დახმარებაა, რაც მათი ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, შავ ბაზარზე თავისუფალი სირიული არმიისთვის იარაღის შესყიდვას მოხმარდება.

ანანის წარუმატებელი გეგმა მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. არაბული ლიგის წინა სამშვიდობო ინიციატივისგან განსხვავებით, ის ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ არ მოუწოდებს და პროცესის მონაწილე მხარედ აცხადებს. The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს თქმით, გეგმა ასადისთვის საფარია და საკუთარი ხალხის ჟლეტას აუცილებლად გააგრძელებს. გეგმა ჩინეთსა და რუსეთს ბრუტალური რეჟიმის მხარდამჭერის სტიგმას აცილებს მაშინ, როდესაც რუსეთი მოკავშირე სახელმწიფოში დემოკრატიული ტრანზიციით ნაკლებადაა დაინტერესებული.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასადი ძალადობას იქამდე გააგრძელებს, სანამ უფრო სერიოზულ სამხედრო წინააღმდეგობას არ შეხვდება. მოახლოებული არჩევნების წინ, ობამას ადმინისტრაცია სამხედრო ჩარევისგან თავს იკავებს და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ამ მდგომარეობაში საუკეთესო გამოსავალი იქნება სირიის ტერიტორიაზე დაცული ზონის შექმნა, სადაც სამოქალაქო დევნილები თავს შეაფარებენ და სამხედროები მოემზადებიან. თურქეთის მთავრობა ამ მხრივ დაინტერესებას გამოთქვამს, თუმცა უფრო აქტიურ მხარდაჭერას საჭიროებს მოკავშირეების, პირველ რიგში, აშშ-ის მხრიდან.

კომენტარები