ოკუპირებული აფხაზეთი

ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა

გავრცელებული ცნობებით, გენერალ-მაიორმა ალმასბეი კჩაჩმა თავი მოიკლა, მაშინ როცა აფხაზეთში მის დაკავებას ცდილობდნენ.

კჩაჩი იყო ეჭვმიტანილი სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურზე ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში. სპეცოპერაცია მის დასაკავებლად გაგრაში ტარდებოდა.

როგორც ”ინტერფაქსს” აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, კჩაჩმა თავი მოიკლა საკუთარ სახლში, მას შემდეგ რაც ძალოვნებმა მის დასაკავებლად  სახლში შეაღწიეს.

ალმასბეი კჩაჩი იყო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი 1996 წლიდან 2003 წლამდე, როცა სეპარატისტულ ხელისუფლებას სათავეში ვლადისლავ არძინბა ედგა. 2005 წლამდე მას ეკავა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიც. 2009 წლის ე.წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ბესლან ბუთბასთან ერთად, ”ვიცე-პრეზიდენტის” პოსტზე.

 

კომენტარები