აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების საბჭომ სხვა და სხვა საკითხები და მათ შორის, აფხაზეთში ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები განიხილა. მასზე დე ფაქტო პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება მკურნალობის მიზნით ”აფხაზეთის მოქალაქეების” საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილში გადასვლის ფაქტებზე.
”ის, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ უარი არ ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ საქართველოში გამგზავრებაზე, არ ნიშნავს, რომ გვაქვს სურვილი ვინმესთან დაახლოების. ლაპარაკია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. მანახეთ ადამიანი, რომელსაც ეყოფა ვაჟკაცობა, ასეთ შემთხვევაში თქვას "არა" და ახლობლებს ავადმყოფების გაყვანა აუკრძალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქართული მედიცინის ტყვეობაში ვართ, სრულებითაც არა.”- აღნიშნა ანქვაბმა და დასძინა: ”ერთ შემთხვევაში დახმარება ახალშობილს სჭირდებოდა, ერთ შემთხვევაში კი - ომის ვეტერანს. ჩვენმა ექიმებმა ვეტერანს სწორი დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მისთვის დახმარების გაწევა არ შეეძლოთ. მე მესმის მისი ახლობლების, რომლებიც ცდილობდნენ, საშველად ნებისმიერი შესაძლებლობა ეძებნათ, სამწუხაროდ ის გარდაიცვალა აფხაზეთს გარეთ - საქართველოში.”
ანქვაბმა განმარტა, რომ აფხაზეთში მედიცინის სფერო პრობლემურია, ამავდროულად მან ხაზი გაუსვა, რომ 2005 წლიდან არსებობს არც თუ ცოტა ”სასარგებლო კავშირები” რუსეთის ფედერაციის სამედიცინო დაწესებულებებთან.




