აპრილის დასაწყისში აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები იტალიას ესტუმრნენ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას მეთაურობით. სააგენტო ”აფსნი -პრესის ” ცნობით, სოხუმიდან იტალიაში ჩასულები ეწვიენ სან-მარინოსაც და იქაც გამართეს შეხვედრები. სოხუმში დაბრუნების შემდეგ ვიაჩესლავ ჩირიკბამ მოგზაურობის შედეგები შეაჯამა. მან თქვა, რომ საქართველოს ელჩი წინასწარ ესტუმრა ყველა იმ დაწესებულებას, რომლებსაც აფხაზეთიდან ჩასულები უნდა სწვეოდნენ და ამ მიზეზით რიგი შეხვედრები ჩაიშალა.
”აფსნი-პრესის” ცნობით, რომში ჩირიკბა შეხვდა იტალიის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს და განიხილა იტალიელ კომუნისტებსა და აფხაზეთის კომუნისტურ პარტიას შორის კონტაქტების დამყარების შესაძლებლობის საკითხი.
რაც შეეხება შეხვედრებს სან-მარინოში, სოხუმიდან გავრცელებული ცნობით, სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები ესაუბრნენ სოციალისტური პარტიის წევრებს და მათთან შეხვედრაზე წამოწიეს ისეთი საკითხი, როგორცაა საქართველოს მცდელობა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთი.
”აფსნის პრესის” ცნობითვე, სან -მარინოში ვიზიტის ფარგლებში ჩირიკბა სან-მარინოში მონაკოს საპატიო კონსულსაც შეხვდა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ კულტურულ სფეროში ურთიერთობის განვითარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, - იუწყება აფსნი-პრესი.
ტაბულა დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს ელჩს კოტე გაბაშვილს . მისი თქმით, ვიჩესლავ ჩირიკბამ და მისი თანმხლებმა პირებმა რომში სცადეს შეხვედრის ორგანიზება, რისთვისაც შეკრიბეს სულ რამდენი კაცი, უმრავლესობა რუსები და ერთი-ორი იტალიელი. კოტე გაბაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მისულ იტალიელებს შორის იყო ისეთი, რომელიც აცხადებს, რომ სიცილია აღარ უნდა ყოს იტალიის შემადგენლობაში.
”რომში ამ შეხვედრაზე გამოცხადდა ქართველი დოქტორანტი, დევნილი აფხაზეთიდნა და მისმა მკაცრმა გამოსვლამ ფაქტიურად ჩაშალა შეხვედრა. არაფერი გამოუვიდათ. ”-აღნიშნა გაბაშვილმა და დასძინა: ”რაც შეეხება სან-მარინოს, იქ სოციალ-დემოკრატების ორმა წარმომადგენელმა ადრე მართლაც წამოწია აფხაზეთის აღიარების საკითხი, თქვეს: რატომ არ უნდა ვაღიართ, თუკი ნაურომ აღიარა და მიიღო ფულიო, თუმცა მიიღეს მკაცრი საჯარო პასუხი საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ამ ამბავმა ჩაიარა. სან -მარინოში სერიოზული მუშაობა გვაქვს გაწეული. სახიფათო არაფერია. ჩამოვიდნენ, მხარდმჭერები ჰყავთ მხოლოდ რუსები და ერთი-ორი დაქირავებული იტალიელი.”




