უნგრეთი

უნგრეთის პრეზიდენტი პლაგიატის გამო გადადგა

მას შემდეგ, რაც პლაგიატის გამო დოქტორის ხარისხი ჩამოართვეს, უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი თანამდებობიდან გადადგა. სკანდალმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსაც.

პლაგიატის სკანდალის დაწყების შემდეგ შმიტმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ გადადგომას არ აპირებდა, რამაც საჯარო პროტესტი გამოიწვია, შედეგად კი, პრეზიდენტმა ორშაბათს გადადგომის შესახებ განაცხადა. შმიტის თქმით, ის თავისუფალ დროს ახალი სადოქტორო ნაშრომის დაწერას დაუთმობს.

გასულ კვირას ბუდაპეშტის სემელვეისის უნივერსიტეტმა შმიტს ფიზიკის დოქტორის ხარისხი ჩამოართვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი ნაშრომი მეცნიერული და ეთიკური სტანდარტების დარღვევით იყო შესრულებული. აკადემიური საბჭოს განცხადებით, შმიტის ტექსტის დიდი ნაწილი სხვა მეცნიერების თეორიებიდან იყო გადაღებული.

პრეზიდენტს უნგრეთში პარლამენტი ირჩევს და ამ თანამდებობას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. შმიტი 2010 წელს გაპრეზიდენტდა ხუთწლიანი ვადით.

შმიტის გადადგომის შემდეგ მმართველმა პარტიამ – ფიდესმა – გაავრცელა განცხადება, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევას მაქსიმალურად მოკლე ვადაში ეცდება. ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ უკვე წამოაყენა ლასლო სოლიომის კანდიდატურა.

შარშან პლაგიატის გამო გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი გადადგა. 2011 წლის მარტში მას ბაიროითის უნივერსიტეტმა დოქტორის ხარისხი ჩამოართვა. სკანდალს სხვა გერმანელი პოლიტიკოსების ნაშრომების გამოკვლევაც მოჰყვა, მათ შორის ევროპის პარლამენტის წევრის სილვანა კოხ-მერლინის და ბავარიის ყოფილი პრემიერის შვილის, ვერონიკა სასის. კანონმდებელმა მათიას პრიოფროკმა თავად მიმართა უნივერსიტეტს და საკუთარი ნაშრომის გამოკვლევა სთხოვა, რადგან რამდენიმე უნებურ შეცდომას არ გამორიცხავდა.

კოხ-მერლინის ნაშრომში ვებგვერდმა VroniPlag-მა, რომელმაც ცუ გუტენბერგი პლაგიატში დაადანაშაულა, აღმოაჩინა, რომ საჭირო ციტირებების 25% გამოტოვებული იყო. სასის ტექსტში კი პოპულარული ონლაინენციკლოპედიის, Wikipedia-ს მასალებიც იყო გამოყენებული. ამ ენციკლოპედიის გამოყენება აკადემიურ ნაშრომებში არამეცნიერულად ითვლება, რადგან მასზე სტატიების შეცვლის საშუალება თითქმის ყველა მომხმარებელს აქვს.

დოქტორის ხარისხი პოლიტიკური უპირატესობაა, რომელსაც გერმანელი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები ხშირად საარჩევნო კამპანიისას იყენებენ. შესაბამისად, პლაგიატის გამორკვევაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა.

გასულ წელს ამერიკელმა პროფესორმა დორა კლარკ პეინმა ჩაატარა კვლევა სამეცნიერო წრეებში პლაგიატის მასშტაბის გარკვევის მიზნით. პეინმა პლაგიატი 10 ან მეტი სიტყვის ციტირების გარეშე გადატანად განმარტა და აღმოაჩინა, რომ ამერიკაში დაწერილი ყოველი 5 სადოქტორო ნამუშევრიდან ოთხში მისი ნიშნები ჩანდა. პროფესორის თქმით, ამის მთავარი მიზეზი განათლების სისტემის შედარებით ქვედა საფეხურებზე აკადემიური პატიოსნებისა და მუშაობის უნარების განუვითარებლობაა.

 

 

კომენტარები