ოკუპირებული ტერიტორიები

ჯიოევა პარტიას ქმნის

ოსი ოპოზიციონერი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა ახალ პარტიას ქმნის. პარტია ირისტონ-თავისუფლების მოედანი-ს საორგანიზაციო კომიტეტი დღეს ცხინვალში შეიკრიბა.

ჯიოევას თანამებრძოლებმა პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადებაზე იმსჯელეს. პარტიის მიზნებად ოსი ხალხის თვითმყოფადობის, კულტურის, რელიგიის შენარჩუნება და სოციალურ სამართლიანობაზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობა დასახელდა. „ვაპირებთ გავაგრძელოთ ის კურსი, რომელიც დავიწყეთ. რა თქმა უნდა დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის", - განაცხადა ალა ჯიოევამ.

ჯიოევამ გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, არჩევნების შედეგები „უზენაესმა სასამართლომ“ ბათილად ცნო. ჯიოევა საკუთარი ინაუგურაციის ჩატარებას შეეცადა, თუმცა იგი ძალოვნებმა აიყვანეს. ინციდენტის შემდეგ იგი საავადმყოფოში მოხვდა.

განმეორებითი არჩევნების მეორე ტური ცხინვალის რეგიონში ხვალ გაიმართება. „პრეზიდენტობის“ კანდიდატები უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და ომბუდსმენი დავით სანაკოევი არიან.

 

 

კომენტარები