2012 წლის თებერვალში, მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მცირეწლოვანი ბავშვი მაშინ გააჩერეს როცა სკოლაში მიდიოდა. სასკოლო ჩანთაში მას ქართული სახელმძღვანელო აღმოუჩინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიჭს ხელი ჰქონდა მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლები არასრულწლოვანთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, ის სკოლის დირექტორის ოჯახში იმყოფებოდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.
საქართველოს სახალხო დამცველი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მოზარდის ცემის საკითხი განიხილეს 29 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარეობით გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 34-ე შეხვედრაზე. სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა უცნობი პირების მიერ არასრულწლოვნისთვის სახელმძღვანელოების დახევის ფაქტი, თუმცა უარყო რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემა.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის ზონაში მომხდარ ფაქტის გამო, რაც ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას წარმოადგენს (დისკრიმინაციის აკრძალვა, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვა, განათლების უფლება). ის ხაზს უსვამს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის 38-ე მუხლი ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს მიიღონ სპეციალური ზომები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების განსაკუთრებული დაცვის უზრუნველსაყოფად.




