არქივი

ახალი კანონი „უკანონოდ” შობილთათვის

ეს სტატია წავიკითხე თუ არა, სიამაყის გრძნობით აღვივსე. საქართველოში მეოცე საუკუნის დამდეგს ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობდა, აზროვნებდა და მოქმედებდა კიდეც. გამახსენდა ისიც, თუ როგორ უწოდებენ მას თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამას. რაღაც დიდი აცდენაა ამ სტატიის ავტორსა და იმ მითს შორის, რითაც ჩვენი საზოგადოება დღეს საზრდოობს. ვისურვებდი „დიდი” ილია გავიგოთ სწორედ ისე, როგორც ის წერდა და აზროვნებდა, ეს ჩვენს ქვეყანასაც სწორ გზაზე დააყენებს – ის ხომ დიდი ლიბერალი იყო.

ოთარ ვადაჭკორია

ისტორიკოსი, მკვლევარი

 

ყველას, დიდია თუ პატარა, გაგონილი აქვს, რომ ერთის დანაშაული თუ შეცდომა, მეორისათვის გადასახდელი არ არის, და ამ შემთხვევაში შედეგი ცდომისა, თუ ცოდვისა არასგზით არ უნდა მოეხვიოს კისერზე უცდომელსა და უცოდველს, რაც გინდ მახლობელი იყოს ცდომილისა და ცოდვილისა. ვიმეორებთ, ეს ძირეული კანონი მჯავრდადების სამართლიანობისა დიდმა და პატარამ იცის დღეს, მაგრამ ძნელად იპოვით იმისთანა ქვეყანას, საცა ეს ძირეული კანონი არ ირღვეოდეს და ცოდვა, თუ ცდომა ერთისა მთელის თავის შედეგით საზღვავად არ გახდენოდეს მეორეს. ამის აშკარა მაგალითებს თითქმის ყოველ დღე ვხედავთ. აი ერთი ამისთანა მაგალითი, საცა ეგ უსამართლობა მეტისმეტად აშკარაა, მეტისმეტად საგრძნობია და თვალით დასანახი.

წარმოიდგინეთ შვილები ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრისა, რა ყოფაში სცვივიან და რა საშინელს გადასახადს ჰხდილობენ მარტო იმის გამო, რომ დაბადებულან სულითა და გულით შეუღლებულთაგან მაშინ, როცა მათი დედ-მამა ჯერ ჯვარდაუწერელნი არიან. არამც თუ კანონი სჯის ქორწინების გარეთ გაჩენილებს მით, რომ დედ-მამის სახელსა და გვარს არ აღირსებს ხოლმე და დედ-მამის ქონებაზედაც ხელს აღებინებს, არამედ თვით საზოგადოებაცა, რომელიც აგრე უბედურად გაჩენილს სტუქსავს საცა კი მოასწრობს და სამარცხვინო დაღით ჰმოსავს, სამარცხვინო სახელით იხსენიებს და ერიდება, თითქო რაღაც რამ უწმინდურია და ჩირქიანიო. რადა ხდება ეს?

ჩვენ იმას არ გამოვუდგებით, ამისთანა საქციელი დედ-მამისა მართლა ცოდვაა თუ არა და თუნდ რომ ცოდვაც იყოს, ჩვენ მარტო ის გვაკვირვებს, შვილებისა რა გადასახადია.

ილია ჭავჭავაძე

1898 წელი

 

 

 

 

კომენტარები