ოთხი ქართველი მეზღვაური აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ისინი სოხუმის პორტში გასული წლის მაისიდან იყვნენ დატყვევებულები. მეზღვაურებს ენგურის ხიდთან ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და საქართველოს კონსული თურქეთში ზურაბ პატარიძე დახვდნენ. მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ მათ ნორმალურად ეპყრობოდნენ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონიათ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქართული მხარე დაუღალავად მუშაობდა იმისთვის, რომ მეზღვაურები საკუთარ სახლებში დაბრუნებულიყვნენ. მისივე განმარტებით, საქართველოს გამოსასყიდი თანხა არ გადაუხდია და ყველაფერი მოლაპარაკებების გზით გადაწყდა. მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში შუამავლის სტატუსით ჩართული იყო `წითელი ჯვარი~.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე ქართველი მეზღვაურები - გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე - 6-თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არანაირი თანხა არ მიუღიათ. გემი გასული წლის მაისიდან სოხუმის პორტში იდგა.




