აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთში აშშ-ის ელჩის განცხადების გამო

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია ელჩის, მაიკლ მაკფოლის განცხადების გამო, რომელიც მის უსაფრთხოებას ეხება.

“ ჩვენ ეს შეშფოთება გადავეცით რუსეთის ხელისუფლებას.“- მოჰყავს BBC-ს ნულანდის სიტყვები. საქმე ეხება რუსეთში, აშშ-ის ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებას, რომ მისი სამუშაო შეხვედრების შესახებ, მათ შორის ისეთი შეხვედრების, რომელთა შესახებაც საელჩო ინფორმაციას არ ავრცელებს, წინასწარ არის ცნობილი ერთ-ერთი რუსული ტელეკომპანიისთვის.

ელჩმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს ჟურნალისტების უფლებას, მივიდნენ სადაც უნდათ და დასვან შეკითხვები და იქვე თავადაც დასვა შეკითხვა: აქვთ თუ არა ჟურნალისტებს უფლება უთვალთვალონ ელჩს? რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ეს ყველაფერი მაკფოლმა საკუთარ Twitter-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია НТВ-ს გადამღები ჯგუფი ჩნდება ყველგან სადაც მიდის. მანამდე, მაკფოლს მოუწია ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის ეთქვა, რომ დიპლომატებთან ურთიერთობისას სხვა ქვეყნებში, მაგალითად აშშ-ში, ინგლისსა თუ გერმანიაში ასე არ იქცევიან. ეს მოხდა მაშინ, როცა მოსკოვში, უფლებადამცველებთან შეხვედრაზე მიმავალ ელჩს ჟურნალისტები მანქანასთან დახვდნენ და მისგან დაჟინებით მოითხოვს განმარტებები იმის შესახებ, თუ რა საკითხების განხილვას აპირებდა შეხვედრაზე.

კომენტარები