საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის ლიდერს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მიონ ბაკს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მხარეებმა სამომავლო ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უნდა განვითარდეს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მხრივ. შეხვედრისას, სეულისა და თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებაც დაიგეგმა. სამხრეთ კორეის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაკორუმპირებული გარემოთი, გამჭვირვალეობითა და რეფორმების შედეგებით, უნიკალურია მთელ რეგიონში. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. „ბატონო პრეზიდენტო, ეს თქვენი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში და ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იქნება. ჩვენ ძალიან კარგი წარმოდგენა გვაქვს თქვენს ხალხსა და თქვენს ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მდგომარეობა ერთმანეთის მსგავსია - ორივეს გარს დიდი ქვეყნები გვაკრავს. ალბათ ამიტომაც არიან ქართველების მიმართ კორეელები დადებითად განწყობილი. ასე რომ, ერთმანეთს შეგვიძლია ბევრი რამ გავუზიაროთ. “ - აღნიშნა ლი მიონ ბაკმა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქართული  მედიისთვის  ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მან თქვა, რომ სამხრეთ კორეას ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან და დასძინა: ”გეოპოლიტიკური პრობლემების შედეგად, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. სადემარკაციო ხაზი დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გადის. ამხელა ზემოქმედებისა და თავსდამტყდარი უბედურების მიუხედავად, ქვეყანა ძალიან სწრაფად განვითარდა, ეს მათი წარმატებული რეფორმების დამსახურებაა. საქართველოსთვის ეს მაგალითია.”

სამხრეთ კორეაში საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული პროექტების დაწყება დაიგეგმა - კორეელი ინვესტორები საქართველოში ორ ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ და რამდენიმე სასტუმროსაც ააშენებენ. ამას გარდა, პროექტები განხორციელდება ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში.  გადაწყდა, რომ მალე საქართველოში ჩამოვლენ კორეელი სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს. თბილისში გაიხსნება სამხრეთ კორეის საელჩოც

 

 

კომენტარები