ადამიანის უფლებები

სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში პარლამენტში გადაიგზავნა

ვიდეო: მირიან ტორონჯაძე

პარლამენტში დღეს შევიდა სახალხო დამცველის 600 გვერდიანი ანგარიში  2011 წელს, საქართველოში, ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ  და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას.   მისი ძირითადი მიმართულებები  გიორგი ტუღუშმა  დღეს ჟურნალისტებს გააცნო. ტუღუშის განმარტებით ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი  პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა. მის მიერ განხორციელებული რეგულარული  მონიტორინგის შედეგები კი  ცხადყოფას, რომ   პატიმართა უფლებების დაცვა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება. საანგარიშო წელს კვლაც დაფიქსირდა  გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი, ამასთან  ტუბერკულოზი კვლავ რჩება პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

სახალხო დამცველის  ანგარიში  ასევე აღნიშნავს, რომ 2011 წელს  პრობლემები გამოვლინდა    სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას, რომ გასულ  წელს მაღალი იყო მოქალაქეთა ”მომართვიანობა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით.” ანგარიში განიხილავს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და  მდგომარეობას შეკრებებისა და მანიფესტაციების კუთხით,   ყურადღებას ამახვილებს 2011 წლის მანძილზე გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას გამოვლენილ დარღვევებზეც. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, სახალხო დამცველისთვის არავის მიუმართავს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.

”ანგარიშში წარმოდგენილია ჩემი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელთა მიზანიც აღწერილი დარღვეული უფლებების აღდგენაა და უფლებადარღვევების პრევენცია.”- განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 

კომენტარები