სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან რეგიონს მძიმე შედეგებს მოუტანს „სააკაშვილის რეჟიმის არასტაბილურობის და უპასუხისმგებლობის გამო”. - ამის შესახებ გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა მაშინ, როცა მას სთხოვეს კომენტარი აშშ-ის გეგმაზე საქართველოსთან განაახლოს იარაღის მიწოდება. ( სავარაუდოდ, მინიშნება გაკეთდა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის რიჩარდ ნორლანდის განცხადებაზე, რომელიც სენატში მოსმენაზე გაკეთდდა ) თავის კომენტარში ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მოსკოვში აშშ–ის საელჩოსგან გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტისთვის M4 Carbine-ის ტიპის ავტომატური შაშხანების და ჰამერის ტიპის ჯავშანმანქანების მიწოდებას გეგმავდა. ”ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა შეშფოთება ამერიკული მხარის ქმედებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა და დასძინა: „პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შეიარაღება, რომელსაც ქართული კონტინგენტი ავღანეთში იყენებს, საქართველოში არ აღმოჩნდეს. 2008 წლის ტრაგიკურმა მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა შესაძლოა ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და მათ შორის ამ ქვეყნებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს,“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით : ”სააკაშვილის რეჟიმის არასტაბილურობის და უპასუხისმგებლობის გამო, სამხედრო სფეროში თბილისთან ნებისმიერ თანამშრომლობას კავკასიაში არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოყვება. ”




