ინტერვიუ

თამარ კოვზირიძე: ბიუროკრატიული პროცედურები ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილია

წ ლის დასაწყისში საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გახსნა. თავის მხრივ, ეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ნაწილია. თუ რას მოუტანს ქვეყანას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რა სირთულეებსა და გამოწვევებს ხვდება ის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგსა და მოლოდინებზე, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაზე და სხვა საკითხებზე ტაბულა პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, თამარ კოვზირიძეს ესაუბრა.

ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნა. დაახლოებით რა დრო დასჭირდება შეთანხმებას? რა ეტაპების გავლა მოუწევს საქართველოს?

მოლაპარაკებები იანვარში გაიხსნა. სამუშაო ჯგუფებიც შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგი რაუნდი მარტში გვაქვს. ვვარაუდობთ, რომ პროცესს 2013 წელს დავასრულებთ. ეს არის როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირის მომლაპარაკებლების მიზანიც – მთავარი შედეგია და არა პროცესი. ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებების რვა რაუნდი დაგვჭირდება და ითვლება, რომ ეს სწრაფი პროცესია. უკრაინას 4 წელი დასჭირდა.

რას მოგვიტანს ჩვენ ეს? ევროკავშირის შიდა ბაზარი და ფუნქციონირება დამყარებულია 4 ძირითად – ადამიანის, საქონლის, კაპიტალისა და მომსახურების გადაადგილების – თავისუფლებაზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრულყოფილად ამოქმედება საქართველოს საშუალებას მისცემს, ამ ოთხიდან სამი თავისუფლება განახორციელოს. ადამიანების გადაადგილება სავიზო შეთანხმებების საკითხია და ამაზე ცალკე პროცესი მიდის.

ყველა შეთანხმებას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. განსაკუთრებით ისეთ ფართო შეთანხმებას, როგორსაც ჩვენ ვაფორმებთ. პოლიტიკური შედეგი უფრო მოკლე ვადაში იგრძნობა – მოლაპარაკებების გამოცხადებაც იმაზე მიუთითებს, პოლიტიკურად რა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები ერთმანეთს. ცხადია, ეკონომიკური შედეგი იქნება – მაგალითად, ექსპორტის მოცულობების გაზრდა. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეთანხმებები. ეკონომიკური შედეგის აღქმას გარკვეული დრო დასჭირდება – შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს, კერძო კომპანიები და ბიზნესი მოერგოს ახალ რეჟიმს. ამიტომ, როგორც წესი, საშუალოვადიანი პერიოდია საჭირო, რომ რეალურად დავინახოთ ეკონომიკური სარგებელი.

ამ ეტაპზე გვაქვს GSP+ -ის სქემა ევროკავშირთან, რაც ცალმხრივ შეღავათებს გვანიჭებს ვაჭრობაში – ნულოვან, ან შემცირებულ ტარიფებს გარკვეული სახის პროდუქციაზე. დაახლოებით მთლიანი პროდუქციის 60%-ს ეხება ეს – 7200-მდე პროდუქტს. დაახლოებით, ექსპორტის ნახევარი GSP+ -ის სქემით გადის.

თუმცა, ეს შეღავათები დროებითია, დაახლოებით სამი წლით ვიღებთ ხოლმე და განახლებას ექვემდებარება. GSP+ -ის მიზანი ექსპორტის დივერსიფიკაციაა. მას შემდეგ, რაც ამ მიზანს მიაღწევს (არსებობს შეფასების კრიტერიუმები), ქვეყანა აღარ არის უფლებამოსილი, მიიღოს შეღავათები. ამის გამო სისტემა ინვესტორებს ნაკლებად იზიდავს, რადგან შეიძლება, გაუქმდეს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კი მუდმივია. ის თითქმის ყველა პროდუქტზე ანულებს ტარიფს.

ამბობთ, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები საკმაოდ მალე დასრულდება – მაგალითად, უკრაინაზე ორჯერ ნაკლებ დროში. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას, როდესაც თვითონ მოლაპარაკებების დაწყების წინა მოლაპარაკებები უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ვარაუდობდით. რა იყო შეფერხების მიზეზი და ამჯერად რა იძლევა ოპტიმიზმის საბაბს?

ასეთი ტიპის შეთანხმება თვითონ ევროკავშირისთვისაც უჩვეულო და ახალია. ერთადერთი, უკრაინასთან აქვთ მოლაპარაკებული. ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებსაც ადრე აფორმებდნენ, ძირითადად, ტარიფებს ფარავდა. ეს შეთანხმება კი ეკონომიკური ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – ამიტომაც ჰქვია ყოვლისმომცველი. შესაბამისად, მოლაპარაკებების დასაწყებად არსებობდა წინაპირობები – მივიჩნევდით, რომ მეტისმეტად დეტალური. წინაპირობების შემცველი დოკუმენტი დაახლოებით 30 გვერდს მოიცავდა. ჩამოთვლილი იყო, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ საკმაოდ სწრაფად შევასრულეთ ეს წინაპირობები. მიდიოდა დეტალური მონიტორინგი ევროკავშირის მხრიდან, ამოწმებდნენ პროგრესს, წერდნენ შესაბამის ანგარიშებს.

გეთანხმებით, რომ მოლაპარაკებების მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ გაგრძელდა – არა ჩვენი მიზეზით. ვცდილობდით, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად გაგვეკეთებინა ყველაფერი. თუმცა, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ბიუროკრატიული პროცედურები ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილია. ვინაიდან მოსამზადებელი პროცესი ამდენ ხანს გაგრძელდა, ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ მალე დასრულდება. ეს არის ევროკავშირთან კომუნიკაციაში ჩამოყალიბებული მოსაზრება და ერთობლივი მიზანი.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, ასევე თავისთავად ეკონომიკურად. საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც ამგვარ შეთანხმებას გააფორმებს აშშ-სთან.

უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დაისახა მიზანი. ახლა ვმუშაობთ ამერიკულ მხარესთან, რომ მოვამზადოთ პროცესი, გაიწეროს ვადები. აქაც, ალბათ, საშუალოვადიან პერიოდზე უნდა ვისაუბროთ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელსაც აშშ აფორმებს სხვადასხვა ქვეყანასთან, არის ევროკავშირის ხელშეკრულებების მსგავსი – არა მხოლოდ ტარიფების განულებაზე ორიენტირებული, არამედ მთლიანად ეკონომიკური ურთიერთობების სფეროს ფარავს.

ევროკავშირის თემას რომ დავუბრუნდეთ – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ნაწილია. ქართული მხარე აქამდეც აცხადებდა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაიდოს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების რაც შეიძლება მკაფიო პერსპექტივა, რაზეც კონსენსუსს ვერ აღწევდნენ. თუ არის ცვლილება ამ მიმართულებით?

ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად და შედეგიანად მიმდინარეობს. დაახლოებით 70% უკვე შეთანხმებულია. ჩვენი სურვილია, პროცესი მალე დასრულდეს. თუმცა, ასოცირების ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან განსხვავებულად შედის ძალაში. მას ევროკავშირის ყველა წევრის მხრიდან რატიფიკაცია სჭირდება. ამიტომ, შეიძლება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება უფრო მალე შევიდეს ძალაში – მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმების ნაწილია.

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების პრეამბულაზე, სადაც მსგავსი ზოგადი პრინციპები უნდა იყოს, რომელსაც შეთანხმება და მხარეთა მომავალი ურთიერთობა დაეფუძნება. ჩვენი მიზანია, რომ ეს მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული და შესაბამისი მომლაპარაკებელი გუნდი ამ საკითხზე მუშაობს.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას წევრობის მკაფიო დაპირება არ აქვს, ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ მარეგულირებელი ცვლილებები, რისი შემოტანაც საქართველოს უწევს ამ პროცესებში, ქვეყნისთვის საზიანო შეიძლება იყოს. მაგალითად, გამოიწვიოს პროდუქციის გაძვირება, ნაკლებად მიმზიდველი გახადოს ქვეყანა ინვესტორებისთვის. რამდენად ითვალისწინებთ ამ რისკებს მოლაპარაკებებისას, როდესაც სწრაფი ეკონომიკური განვითარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოა?

ჩვენთვის ამ პროცესებში ყველაზე მთავარი გამოწვევა და სირთულეც შემდეგია – ერთი, რომ არსებული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, რადგან ამის გარეშე ურთიერთობებში პროგრესი ვერ გვექნება; მეორე – შესაბამისი რეგულაციების შემოღება-დანერგვა იმ ფორმით, რომ იყოს რაც შეიძლება სასარგებლო და ნაკლებად საზიანო ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესისთვის.

სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ვადებსა და ფორმებში დანერგეს ევროკავშირის მოთხოვნები. გვაქვს როგორც გონივრული, ასევე ცუდი მაგალითები, სადაც ახალმა რეგულაციამ ზოგიერთი ბიზნესი გააკოტრა. ამ მაგალითებს ძალიან დეტალურად ვსწავლობთ.

ბევრია დამოკიდებული იმაზე, რა ვადებში დაინერგება მოთხოვნები. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ესაა – ჩვენი პრიორიტეტია ეს მოხდეს ეტაპობრივად, ფრთხილად და ბიზნესის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მაგალითად, სურსათის უვნებლობის თემა – აქ შესაძლებელია და გაგვიკეთებია კიდეც, როდესაც გარკვეული მოთხოვნები ინერგება, 1-2 წელი მათ შეუსრულებლობაზე ჯარიმა არ არის. შესაბამისი უწყება, სურსათის უვნებლობის სამსახური, კერძო კომპანიებს მხოლოდ რეკომენდაციებს აწვდის. სხვა შემთხვევებშიც ვეცდებით, მსგავსი მიდგომა გვქონდეს, რომ დავეხმაროთ კერძო სექტორს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

გულახდილად ვიტყვი – ახალი რეგულირება ხარჯებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვადები, არამედ მასშტაბურობაც. ევროკავშირში არსებული პრაქტიკის მიხედვით, დანერგვისთვის მაქსიმალური ვადა 10 წელია. ამ ფარგლებში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და განსაკუთრებით ვფრთხილობთ იქ, სადაც ბიზნესი სენსიტიურია.

ევროპელი ინვესტორებისთვის ასეთი გარემო უფრო მიმზიდველი შეიძლება იყოს. ეს მოთხოვნები მათთვის ნაცნობია. სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ, მაგრამ არსებობს მაგალითები, სადაც ქვეყნებმა შეძლეს მოქნილი, მარტივი, ლიბერალური გარემოს შენარჩუნება. ამავდროულად – ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად წარმართვა. ჩვენ არ გვაქვს ის მოთხოვნები, რასაც წევრობის კანდიდატს უყენებენ. მაგალითად, არ მოგვეთხოვება კანონმდებლობის კოპირება.

კანონმდებლობაზე ვსაუბრობთ და, როგორც ვიცი, იგეგმება ცვლილებების შეტანა შრომის კოდექსში. რა ცვლილებებზეა საუბარი და საიდან წამოვიდა საჭიროება?

ჩვენი შრომის კოდექსი კარგია, გასაგები, მოქნილი. ისეთია, როგორიც საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე სჭირდება. ერთნაირად არეგულირებს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის უფლებებს. მანამდე არსებული კოდექსი საბჭოთა პერიოდის იყო და ძირითადად პროფკავშირის უფლებებზე იყო ორიენტირებული. ახალი კოდექსის მიზანია, ხელი შეუწყოს შრომით ურთიერთობებში მხარეების განვითარებასა და გათანამედროვეობასაც.

შრომის კოდექსის მიღების შემდგომ დაახლოებით 36 ახალი პროფკავშირი შეიქმნა. მანამდე ერთი გვქონდა. ახალი კოდექსი ბევრად ცივილურია და ასოცირების თავისუფლებასაც უზრუნველყოფს. იდეები და პრინციპები, რომელსაც კოდექსი ეფუძნება, კარგია. მიუხედავად ამისა, არის გარკვეული სფეროები, რომლის კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა შეიძლება მთლიანად შრომით კანონმდებლობაში. ამაზე გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს – შეიძლება, გამარტივდეს ორგანიზაციების, მათ შორის პროფკავშირების, შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნები. პროფკავშირების კანონით არის დადგენილი ადამიანების მინიმალური რაოდენობა, გაერთიანების შესაქმნელად. ჩვენ შეიძლება ეს ზღვარი საერთოდ გავაუქმოთ. ასევე, სავარაუდოდ, გაფიცვასთან დაკავშირებული გარკვეული მოთხოვნები მოიხსნება. მაგალითად, გაფიცვის მაქსიმალური ვადა არ იქნება დადგენილი. ამ თემებზე ვმსჯელობთ და ვმუშაობთ. როდის და რა ფორმით განხორციელდება ცვლილებები, ჯერ თქმა რთულია.

თქვენ იყავით ერთ-ერთი მომლაპარაკებელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. როგორ შეაფასებთ მიღწეულ შედეგს?

საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ზოგიერთი ორგანიზაცია და ქვეყანა არ ელოდა, რომ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ექნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ვალდებულია, საქართველოსთან ერთგვაროვანი რეჟიმი განახორციელოს ვაჭრობაში – იმის მიუხედავად, ვაჭრობს აფხაზეთთან, თუ საქართველოს დანარჩენ ნაწილებთან. ამისთვის, შეთანხმებით, სპეციფიკური მექანიზმი დავნერგეთ – სავაჭრო კორიდორები და საერთაშორისო მონიტორები.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შესრულდეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი დაასრულებს ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურებს და შესაბამისი დოკუმენტების რატიფიკაციას მოახდენს, ჩვენთან დადებული შეთანხმებაც შევა ძალაში. უკვე ვმუშაობთ ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებთან, რომ მომზადდეს იმპლემენტაციის დაწყების პროცედურა. დადებითია ის, რომ იმპლემენტაციის პროცესშიც მიიღებს შვეიცარია მონაწილეობას. მაგალითად, შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი, სადაც საქართველოს, შვეიცარიასა და რუსეთს ეყოლებათ წარმომადგენლები და ნებისმიერ თემასა თუ პრობლემას ამ ფორმატში განიხილავენ. ამაზე მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია აშშ-სთან, ევროკავშირთანაც. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ხელშეკრულება რეალობაში განხორციელდეს – ანუ გვქონდეს ინფორმაცია იმაზე, რა სავაჭრო ურთიერთობებია რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.

ბოლოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტზე მინდა, გკითხოთ. მისი ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფუძნება. თუ შეგიძლიათ, გვესაუბროთ მის კონცეფციაზე და გრანტის სხვა მიმართულებებზე?

რაც შეეხება MCC-ის მეორე კომპაქტს, მთავრობამ გადაწყვიტა ეს რესურსები მთლიანად განათლების სფეროს დაუთმოს. ამ ეტაპზე, როდესაც ბევრი რეფორმაა გატარებული, მნიშვნელოვანია, გვყავდეს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ადამიანები. წინა კომპაქტში, მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურული პროექტები გვქონდა.

აქ განათლების სისტემის ყველა სეგმენტი იგულისხმება. მაგალითად, კორპორაციას ვთავაზობთ სკოლების რემონტს, რაც ისედაც ხდება. თუმცა, გვინდა, მათი რესურსებიც ჩავრთოთ, რომ მალე დავასრულოთ სკოლების გათანამედროვება.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ვმუშაობთ, რომ ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნას საქართველოში – განათლების ხარისხი და დიპლომიც იყოს ამერიკული. პირველი აპრილისთვის ველოდებით განცხადებებს ამერიკული უნივერსიტეტებისგან. ამის შემდეგ წინასწარი შერჩევა მოხდება და შემდეგ, მეორე ეტაპზე, დეტალურ საკონკურსო მოთხოვნებს გამოვაქვეყნებთ. ზაფხულის ბოლოს კი, ის ერთი, ან რამდენიმე სასწავლებელი გვექნება იდენტიფიცირებული, რომელსაც ფილიალის დაფუძნების შესაძლებლობა ექნება. ამ პროექტს რეგიონული მნიშვნელობა აქვს – გვინდა საქართველო განათლების ჰაბად იქცეს რეგიონში.

 

 


კომენტარები