ეროვნული უშიშროების საბჭო

უშიშროების საბჭომ ალასანიას უპასუხა და მისი მიმართვა გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას მიერ მოწოდებული ცნობები „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების“ შესახებ რაიმე ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს.

თავისუფალ დემოკრატთა ლიდერის მიმართვა უშიშროების საბჭომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. მასში ალასანია ხელისუფლებას ატყობინებს, რომ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში შეიარაღებული ჯგუფებია დისლოცირებული, რომელთა წევრებს შორისაც წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლები პირები არიან. ალასანია ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე რეგირებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სამოქალაქო დაპისირპირების საფრთხე, რომელიც, მისი აზრით, ქვეყანას ემუქრება.

მიმართვაში მოყვანილია ინფორმაცია სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში განლაგებული 12 შეიარაღებული ჯგუფის, მათი მეთაურების ვინაობისა და წევრთა ფულადი ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

უშიშროების საბჭოს კომენტარში კი აღნიშნულია, რომ ალასანიას მიერ მოწიდებული დოკუმენტი სრულად გამოაქვეყნა, „რათა საზოგადოებას თავად ჰქონდეს შესაძლებლობა, იმსჯელოს, თუ რამდენად სერიოზულია წარმოდგენილი მონაცემები“.

კომენტარში აღნიშნულია, რომ  ალასანიას  მიმართვაში „უბრალოდ ჩამოთვლილია“ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები. მათ შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები.

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, „სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. მით უმეტეს აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში“.

ცნობებს სქართველოში „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების“ არსებობის შესახებ დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სოხუმის შეფასებით, ეს ინფორმაცია მოწმობს, რომ „თბილისს უარი არ უთქვამს ტერორისა და დაშინების პოლიტიკის გაგრძელებაზე როგორც თავად საქართველოში, ასევე აფხაზეთის გალის რაიონში“. ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ თბილისი აქტიურად იყენებდა უკანონო ფორმირებებს გალის რაიონში და, სოხუმის აზრით, ამ პრაქტიკას უბრუნდენა, რასაც „გალის რაიონში ინციდენტების გახშირება მოწმობს“. აფხაზურმა მხარემ რეაგირებისთვის ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო შუამავლებს მიმართა.

 

კომენტარები