საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საზოგადოების განწყობა საქართველოში -2012 წლის კვლევის შედეგები

საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში - გამოქვეყნდა NDI-ის დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული ამ კვლევის შედეგები.  მისი ბოლო ტალღა მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან 5 მარტამდე ჩატარდა. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა მოახდინა კვლევის ამ ნაწილის შედეგების შედარება, 2011 წლის მარტსა და სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან და აღნიშნა, რომ ისევე როგორც 2011 წლის მარტში და სექტემბერში, 2012 წლის თებერვალშიც გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს. საგულისხმოა, რომ ამ საკითხს 2011 წლის მარტში უმთავრეს ეროვნულ საკითხად მიიჩნევდა გამოკითხულთა 61 პროცენტი, სექტემბერში 62 პროცენტი, 2012 წლის გამოკითხვით კი 63 პროცენტი.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთავარი ეროვნული საკითხების ჩამონათვალში ნომერ მეორე საკითხად დასახელდა. საერთო ჯამში, 2012 წლის კვლევის შედეგებით საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები რიგითობის მიხედით ასე ნაწილდება: სამუშაო ადგილები, ტერიტორული მთლიანობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სიღარიბე, ფასების ზრდა, პენსიები, ხელფასები, განათლება, ადამიანის უფლებები, ნატოში გაწევრიანება, სამართლიანი არჩევნები, ურთიერთობები რუსეთთან, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, ევროკავშირში გაწევრიანება, საკუთრების უფლება, კორუფცია, მედიის თავისუფლება.

კვლევის შედეგები ასევე გვთავაზობს საზოგადოებრივ აზრს იმასთან დაკავშირებით როგორ შეიცვალა საქართველოში მდგომარეობა ზემოთჩამოთვლილ მთავარ საკითხებთან მიმართებით 2008 წლის შემდეგ. გამოკითხულთა 19 პროცენტს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა, 43 პროცენტი ფიქრობს, რომ ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა, 32 პროცენტი კი გაუარესებას აღნიშნავს. ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებით გამოკითხულთა 3 პროცენტი მიიჩნევს რომ სახეზეა გაუმჯობესება, 41 პროცენტის აზრით ვითარება უცვლელია, 53 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ გაუარესებულია. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას ხედავს გამოკითხულთა 19 პროცენტი, 34 პროცენტი ცვლილებას არ აღნიშნავს, 41 პროცენტი ფიქრობს რომ სიტუაცია გაუარესებულია. გამოკითხულებმა 2008 წელთან შედარებით გაუმჯობესება აღნიშნეს პენსიებით უზრუნველყოფის, განათლებისა და კორუფციის დაძლევის სფეროებში, ხოლო გაურესება - რუსეთთან ურთიერთობებში. გამოკითხულთა უმრავლესობა 2008 წლის შემდეგ ცვლილებებს ვერ ხედავს ისეთ სფეროებში როგორიცაა ადამიანის უფლებები, სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის დამოუკიდებლობა.

ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხთა ჩამონათვალში გამოკითხულთა უმრავლესობამ თბილისში  ელექტროენერგიის გადასახადთან ნაგვის გადასახადის მიბმა  პირველ ადგილზე დაასახელა, შემდეგ კი კომუნალური მომსახურების ღირებულებები, მესამე ადგილზე ტრანსპორტით მომსახურების ფასები. გამოკითხულთა 94 პროცენტი მიიჩნევს, რომ  ნაგვის გადასახადის მიბმამ ელექტროენერგიის გადასახადთან ვითარება გააუარესა. 

დასაქმება მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა. გამოკითხულთა 30 პროცენტმა აღნიშნა, რომ დასაქმებულია, 70 პროცენტმა კი მიუთითა რომ დაუსაქმებელია. 

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეისწავლეს როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიზაციის პროცესს. 2012 წლის თებერვლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, 34 პროცენტის აზრით არ არის, 17 პროცენტმა აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

2011 წლის სექტემბერში შეკითხვაზე არის თუ არა საქართლოში დემოკრატია ? დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 45 პროცენტმა, 39-მა კი უარყოფითი.

უკანასკნელი, ანუ 2012 წლის გამოკითხვით, საზოგადოების 43 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო უკვე დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. 21 პროცენტის აზრით, საქართველო ჯერ არ არის დემოკრატია, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება, 13 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საქართველო საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატია. 11 პროცენტის აზრით, საქართველო შესაძლოა მომავალში გახდეს დემოკრატიული და 1 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში შემდგარი დემოკრატიაა და ამ მხრივ გაუმჯობესებაც აღარ არის  საჭირო.

ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს  მოქალაქეობის ჩამორთმევას? გამოკითხვის ფარგლებში, ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა 13 -მა პროცენტმა, 65 პროცენტმა თქვა, რომ არ ეთანხმება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის  ჩამორთმევას, 21 პროცენტმა  შეკითხვას პასუხი არ გასცა.  უნდა აღუდგეს თუ არა ივანიშვილს მოქალაქეობა? უკვე ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გამოკითხულთა 70 -მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს, 8 პროცენტმა  ეს საჭიროდ არ მიიჩნია, 22 პროცენტმა პასუხის  გაცემისგან თავი შეიკავა.  გამოკითხვის ერთ-ერთი მიმართულება იყო იმის დადგენა  რამდენად  უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ისეთ ინიციატივას, როგორიცაა ახალი ქალაქის აშენება დასავლეთ საქართველოში.გამოკითხულთა 59 -მა პროცენტმა  აღნიშნა, რომ მომხრეა  ახალი ქალაქის აშენების, რომელსაც ლაზიკა  ერქმევა, 27 პროცენტი ამ ინიციატივის წინააღმდეგი აღმოჩნდა.

 

კომენტარები