დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმირებას ცდილობს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებებით, პერიოდულად დიდი ბრიტანეთის უკმაყოფილებას იწვევს. 2005 წელს სასამართლო ბრიტანეთისგან კანონში ცვლილებების შეტანას და პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას მოითხოვდა. წელს კი, მიუხედავად ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აბუ ქატადას იორდანიაში დეპორტაცია დაუშვებელია. მოსამართლეთა რწმენით, მას დეპორტაციის შემთხვევაში, ტერორისტული დანაშაულებისთვის, წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევდა.

საპასუხოდ, დევიდ კამერონმა ევროპული სასამართლოს რეფორმის შესახებ მოხსენებაში განაცხადა, რომ სისტემა არაეფექტიანია და ცვლილებებს საჭიროებს. ყველაზე პრობლემურ საკითხებად მან განუხილველი საქმეების მზარდი რაოდენობა და გაწელილი ვადები დაასახელა. მოსარჩელეები წლობით ელოდებიან საქმის განხილვას.

ბრიტანეთს მიაჩნია, რომ ევროპული სასამართლო შიდა სამართალზე ზემდგომი არ უნდა იყოს. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს და არა სტრასბურგის ე.წ. მეოთხე ინსტანციის სასამართლომ.

სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი 47 ქვეყნის წინააღმდეგ განიხილავს საქმეებს, რომელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. განუხილველი საქმეების რაოდენობამ წელს 150 ათასს გადააჭარბა.

ევროსაბჭოს წევრების რაოდენობის ზრდის პარალელურად, სასამართლოში შესული სარჩელების რიცხვიც იზრდება. საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი ორგანიზაციის ახალ წევრებს ეხება. მათ შორისაა თურქეთი, მოლდოვა და რუსეთი. ადამიანის უფლებების საკითხი ამ ქვეყნებში ყველაზე პრობლემურია.

დიდი ბრიტანეთი მაისამდე ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ვინაიდან ევროსაბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უწევს ზედამხედველობას, ბრიტანეთის მთავრობას დაკავებული პოზიციის გამოყენება და სასამართლოს რეფორმის სწრაფი ტემპით გატარება სურს. თორმეტგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც სასამართლოს რეფორმის ბრიტანული გეგმაა გაწერილი, 47 წევრი სახელმწიფო აპრილში, ბრაიტონში განიხილავს.

ამ გეგმის მიხედვით, ქვეყნების შიდა სასამართლოებს უნდა მიეცეთ უფლება, დამოუკიდებლად აირჩიონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციის საშუალება. ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზედამხედველობას გაუწევს შიდა ინსტანციების კანონიერ მართლმსაჯულებას. ასევე საჭიროა შემცირდეს საქმის განსახილველად მიღების ვადები, რითაც სარჩელების დაგროვება და წლობით ლოდინის პრობლემა მოგვარდება. ქვეყნების შიდა სასამართლოების, როგორც კონვენციის დამცავი მექანიზმის, როლის გაზრდით ევროპული სასამართლოს განსახილველი საქმეები შემცირდება. მას მხოლოდ ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში დარღვევების შემთხვევაში მიმართავენ.

ხშირად ისმის კრიტიკა სტრასბურგის მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც კონვენციის წევრ 47 ქვეყანას წარმოადგენენ. ბრიტანული რეფორმა მოსამართლეებისთვის ასაკობრივი ზღვრის დაწესებასა და მათი რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. დანიშვნის დროს მოსამართლე 65 წელს არ უნდა იყოს გადაცილებული.

გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე სასამართლომ 10 ათასზე მეტი გადაწყვეტილება გამოიტანა. მათი აღსრულება მოპასუხე სახელმწიფოებისათვის სავალდებულოა. ევროპული სასამართლო მთავრობებს აკისრებს ვალდებულებას, შეიტანონ შესწორებები ეროვნულ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციული პრაქტიკის სხვადასხვა სფეროში. თუმცა, რიგ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებები ფურცელზე რჩება და განჩინებების აღსრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა არ ხორციელდება.

ევროპაში, ბრიტანეთის წინადადებას, სასამართლოს რეფორმის შესახებ, ნაწილობრივ ემხრობიან. სახელმწიფოების უმრავლესობა რეფორმას მხარს უჭერს. თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ევროპულმა სასამართლომ კომპეტენციის ნაწილი შიდა სასამართლოებს უნდა დაუთმოს.

ათიათასობით განუხილველი საქმე, სასამართლოს მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ტრადიციების უგულებელყოფა, ადამიანის უფლებებზე ზედმეტად ხისტი და აბსტრაქტული კონცეფციის ჩამოყალიბება – ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მასზე დაკისრებულ მისიას ვერ ასრულებს.

ძნელი სათქმელია, რამდენად გაამართლებს, ან საერთოდ განხორციელდება თუ არა ბრიტანული გეგმა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებული ნებისმიერი რეფორმის გატარება რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამისათვის კონვენციის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობა და ცვლილებების შიდა პარლამენტებში რატიფიცირებაა საჭირო.

კომენტარები